“შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა, ყველაფერს ვაკეთებთ არსებული ვითარების დეესკალაციისთვის”

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაეროს ასამბლეაზე ზალკალიანსა და ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, იმედის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ყოველ შემოდგომაზე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები არის პოლიტიკური ეპიცენტრი, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყრის თავს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, როგორც აქამდე, ვიდრე გაეროს გენერალური დებატები დაიწყებოდა, ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმ ძალიან დაძაბულ ვითარებაზე, რომელიც არსებობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ.
ყველასათვის ცხადი იყო, რომ ამ დონის ესკალაცია ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლებია, ვცხოვრობთ ოკუპაციის რეჟიმში, უკვე ვხედავთ, რომ მიდის აქტიური მილიტარიზაცია, ვხედავთ, რომ არის პროვოკაციული ქმედებები, გახშირებულია ჩვენი მოქალაქეების გატაცებები და ამ რეალობას ყველა კარგად აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობაში,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
​პრემიერის მრჩევლის თქმით, ქართულმა მხარემ გაეროს ფორმატი გამოიყენა, რომ ამ საკითხების აქტუალიზაცია ყოფილიყო.
„ყველამ კარგად დაინახა, რომ აუცილებელი იყო და რჩევაც არსებობდა, რომ აუცილებელია კონტაქტი, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ. რაც შეეხება შვეიცარიის მონაწილეობას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შვეიცარია წლების განმავლობაში იცავს საქართველოს ინტერესებს, ქართული ინტერესების გამომხატველია და მათი ინიციატივით ეს კომუნიკაცია შედგა. რა თქმა უნდა, ამ შემოთავაზების ფონზე იყო კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკა გვაქვს, რომ ოკუპაციასთან მიმართებაში ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათთან კოორდინაციით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვახდინოთ არსებული ვითარების დეესკალაცია.
ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ეს ღონისძიება, რომელიც გაეროში ტარდება იქნა დანახული შესაძლებლობად, შესაბამისად ეს დაკოორდინირდა და ამის ფონზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანი იქნება ვითარების დეესკალაცია და რა თქმა უნდა საუბარი იქნება იმაზე, რომ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, ეს არის მიუღებელი ყველასთვის, ეს არის მიუღებელი ჩვენთვის და აუცილებლად საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები