ზარდიაშვილი ბესელიაზე: მხოლოდ მორალთან დაკავშირებით ვახსენე მისი გვარი

“მე არ მიმიყენებია ბესელიასთვის შეურაცხყოფა, გარდა იმისა, რომ მორალზე ვახსენე მისი გვარი, გედის ვეუბნებოდი – როგორ ლაპარაკობდა ჩემს მორალზე, როცა ეკა ბესელიას მორალი იყო მისთვის მისაღები”, – ასე ეხმიანება ბესელიას განცხადებას მმართველი გუნდის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი, იმასთან დაკავშირებით, რომ მან დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ის კონკრეტულად ბესელიას “მორალთან დაკავშირებით”, ზარდიაშვილი ჟურნალისტებს არ პასუხობს.

ასევე, მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს და არ სვამენ კითხვებს მათ შორის ის ოპოზიციის წევრები, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ ამ პროცესის მსგავსად წარმართვისა.

“როდესაც ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ მოვუსმინოთ მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს, სამწუხაროდ ამ პროცეს ხელს უშლიან მიზანმიმართულად, ჩემდა სამწუხაროდ გაურკვეველია, თუნდაც ოპოზიცია 12 საათზე რატომ ცლის დარბაზს და მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზია ქონდათ ეს პროცესი მსგავსად წარმართულიყო, რატომ არ ესწრებიან კომიტეტს და რატომ არ სვამენ კითხვებს, ჩემთვის ეს არის გაუგებარი. მათ შორის, ქალბატონ ეკასაც აქვს აბსოლუტურად სრული უფლება რომ დაუსვას ნებისმიერი კითხვა ნებისმიერი მოსამართლეობის კანდიდატს და მიიღოს პასუხი. საბოლოო ჯამში, ის მიდის საბოტაჟისკენ, არეულობისკენ იმისათვის, რომ პოლიტიკურად იტივტივოს ქართულ პოლიტიკურ ველზე”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას სპეკულაციაში დებს ბრალს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი საქმე რაც კი პარლამენტში გაუკეთებია, ეს ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლაა და მისი თქმით, მოხარული იქნება თუ ბესელია პარლამენტის მანდატსაც დატოვებს.

“აბსოლუტურად არაფერი არ მითქვამს ქალბატონ ეკაზე, უბრალოდ გედის ვესაუბრებოდი, არაფერ შუაში არის ბესელია, არ დაიჯეროთ ეს არის სპეკულაცია, ჩემს აღზრდაში, ჩემს ოჯახთან მიმართებაში არ არის დასაშვები, როდესაც ქალს შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო, შესაბამისად მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ეს იყო ქალბატონი ეკას პროვოკაცია რომ იტივტივოს ამ პროცესზე, პროცესის დაწყებამდე ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოითხოვა 10 და 5 მოსამართლე, იმისთვის რომ ეს პროცესი ეწარმოებინა, მას შემდეგ წავიდა ის სკანდალით, რაც პასუხად მიიღო რომ- საქართველოში ეკა ბესელიას დასანიშნი მოსამართლეები არ არსებობენ, მისი მორალური სახე ჩემთვის ნაცნობი იყო და მადლობა მას, რომ რეალური სახე ანახა ქართულ მოსახლეობას, ყველაზე დიდი საქმე, რაც მე გავაკეთე პარლამენტში არის ის, რომ ეკა ბესელია დღეს აღარ არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ამიტომ ის თუ დატოვებს პარლამენტის მანდატს, მე მხოლოდ გამიხარდება, რადგან მსგავსი ადამიანების ადგილი ქართულ პარლამენტარიზმის ისტორიაში არ არის და არ უნდა იყოს”,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა. “შე ნაძირალა რამდენი ხანია გითმენ”, – მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები