დავით ბაქრაძე: ხელისუფლებას მოვუწოდებ, საკუთარი პარტიული და კლანური ინტერესების გამო სასამართლო სისტემას საფრთხის წინაშე ნუ დააყენებს

სასამართლო სისტემაში პრობლემები იმდენად ზედაპირზეა გამორიცხულია, ეს ყველაფერი ვერ დაენახა ევროსაბჭოს დელეგაციას და ვერ დაენახა უფრო ადრე ვენეციის კომისიას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე ხელისუფლებას ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა უნდა დაამტკიცოს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულონ რეკომენდაციები, რომლებიც მოდის ევროსაბჭოსგან, ვენეციის კომისიისგან და ამ რეკომენდაციებში მთავარი გახლავთ ის, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს მხოლოდ მინიმალური რაოდენობა მოსამართლეების და დანარჩენი პროცესი გადავდოთ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს არის აუცილებელი საქართველოში სასამართლოს გაჯანსაღებისთვის. ეს არის აუცილებელი ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციის შესრულებისთვის და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ დააყენებს ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე საკუთარი პარტიული და კლანური ინტერესების გამო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიანი, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა.

„თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კითხვები გაჩნდა ზოგიერთი კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, ასევე შემაშფოთებელია მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოთქმული ბრალდებებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები