ლავროვი: თუ საქართველო ნატოში შევა, ომს არ დავიწყებთ, ამას გპირდებით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატოში შევა, კრემლი ომს არ დაიწყებს, თუმცა ლავროვის თქმით, იმ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობა, რომელთა პრიორიტეტია ალიანსში შესვლა, მნიშვნელოვნად შეირყევა.
ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა რუსულ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
-რუს დიპლომატებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ 2008 წლის ომის შედეგად, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამით ნატოში საქართველოს შესვლის საკითხი დაიხურა.
-არაფერი დაგვიხურავს, ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა. გიდასტურებთ, არ გვსურს, რომ ნატო მჭიდროდ შემოვიდეს ჩვენს საზღვრებთან, გამართოს სწავლებები, განათავსოს შეიარაღება, რომლის არგანთავსების პირობა ჯერ კიდევ 1990 წელს დადო.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იქ მცხოვრები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდით. მიხეილ სააკაშვილმა ყველა პირობა დაარღვია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მიუცია და სამხრეთ ოსეთში შეჭრის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა, გახსნა ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობისმყოფელების მისამართით.
მაშინ არ გვიფიქრია, რომ იქ ნატო არ იყო. მხოლოდ ამ ხალხის სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით, რომ მათი ჟღლეტა არ მომხდარიყო. ასეთი იყო ქართული არმიის განწყობა, რომელმაც მსგავსი ბრძანება მიიღო. თუმცა, ჩვენს საზღვრებთან ნატოს მოახლოება რუსეთს საფრთხეს უქმნის.
– მიუხედავად ამისა, ნატოელმა გენერლებმა არაერთხელ განაცხადეს, მათ შორის წელსაც, რომ ნატოში საქართველოს მიღებაა საჭირო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. რა მოხდება ამ შემთხვევაში ?
-იენს სტოლტენბერგსაც უთქვამს ეს. ომს არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომელთა პრიორიტეტია მასში შესვლა, მნიშვნელოვნად შეირყევა.
– ეს ურთიერთობა ხომ ახლაც არ არის დალაგებული, კიდევ რა უნდა მოხდეს?
-ძალიან არა. ნატოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც ამ ფაქტს არ აფეტიშებენ და რუსეთთან ნორმალურ კეთილმეზობლურ ურთიერთობას ავითარებენ. მაგრამ როდესაც ნატო გაფართოების იდეით არის შეპყრობილი, ამაში ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთი მტრულ წრეში აღმოჩნდეს და ჩვენი ქვეყნის განვითარება გართულდეს. ალიანსის შიგნით მტრებად ვართ გამოცხადებული.
ნატოს უსაფრთხოებას არაფერი შემატებია მონტენეგროს და მაკედონიის მიღებით. ასევე არანაირი აზრი არ დევს სერბეთის ნატოში შეთრევის მცდელობაშიც. აქედან მხოლოდ ერთი მიზანი იკვეთება – მოხდეს რუსეთის ფედერაციის შეკავება, ამასთან ძალიან აგრესიული გზით შეკავება“, – განაცხადა ლავროვმა.