ჭაქვინჯის ციხის არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდის რაიონის სოფ. ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხის ციტადელში, 2019 წლის 9 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით, ააიპ „არქეოლოგია და კონსერვაციამ“ და ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები აწარმოა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ციტადელის შიდა ეზოში გაიჭრა სამი თხრილი. მათი გახსნის მიზანი 1967-68 წლებში აკადემიკოს პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი კულტურული ფენებისა და სტრატიგრაფიის გადამოწმება იყო.
„არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა დასავლეთ ევროპაში არსებული სტანდარტებისა და მეთოდიკების დაცვით. კერძოდ, ბრიტანეთში აპრობირებული მეთოდიკის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდიკა გულისხმობს გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების ცალკეული კონტექსტების პრინციპით რეგისტრაციას და სტარტიგრაფიული თარგის შემუშავებას. ასევე, გათხრების პროცესის აღსანუსხად გამოყენებული იქნა საველე სარეგისტრაციო ბლანკები და დღიურები. მუშაობა წარმოებდა პრეპარაციის პრინციპით, მცირე ზომის წერაქვების, ქაფჩებისა და ფუნჯების გამოყენებით. თითოეული ფენისა და მნიშვნელოვანი არტეფაქტის მდებარეობა განისაზღვრა თხრილებში არსებული კვადრატული ბადით. სიმაღლეები დადგინდა ნიველირის გამოყენებით“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები