ეკა ბესელია: მივმართავ კახა საბანაძეს, გაასწოროს შეცდომაში შემყვანი განცხადება, თითქოს პირველწყარო ცნობილია
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის ამბობს, რომ დეპუტატთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერების გამავრცელებელი იდენტიფიცირებულია.
მისი თქმით, პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება უნდა ჩაასწოროს.
„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე გავრცელებული იყო 27 იანვრიდან ეს უკანონო ჩანაწერი. ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.