ეკა ბესელია პარლამენტში “სასამართლოში არსებული კლანური ჯგუფების” წინააღმდეგ რეზოლუციას არეგისტრირებს
დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს პარლამენტში აინიცირებს და არეგისტრირებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული კლანური ჯგუფების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რეზოლუციით ცხადი გახდება, რომ სასამართლოში დღესაც არის პრობლემები და დღესაც ახერხებენ ზეგავლენის მოხდენას სასამართლოს შემადგენლობასა და პოლიტიკურ ნაწილზე.
“მე დღეს პარლამენტში ვაინიცირებ და ვარეგისტრირებ რეზოლუციის პროექტს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური ჯგუფების წინააღმდეგ, პროექტს, რომელზეც მუშაობა სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ხდებოდა, მათ შორის პოლიტიკურ წრეებთან, იურისტებთან და ექსპერტებთან ერთად. მე რამდენიმე დეპუტატთან ერთად გამოვიტან ამ დოკუმენტს საჯაროდ და შევთავაზებ პარლამენტს. ამ რეზოლუციით ცხადი გახდება, რომ სასამართლო სისტემაში წარსულში არსებობდა პრობლემები და დღესაც არსებობს, ახლაც სასამართლოში არსებობს გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ახერხებენ მოახდინონ ზეგავლენა სასამართლოს შემადგენლობაზე და პოლიტიკურ ნაწილზეც”, – აცხადებს ეკა ბესელია.