ლევან გოგიჩაიშვილი: “ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობასთან“ კი არა, სხვებთან წააგებს არჩევნებს
“გაბინაშვილი ამბობს, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოველთვის თავისუფლები იყვნენ. თუ გაბინაშვილი მართალია, მაშინ ივანიშვილი წააგებს 2020 წელს. გაბინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფიას აყენებს თავდაყირა,” – ამის შესახებ განცხადება ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.
დეპუტატის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილ კანდიდატებს საშუალებას მისცემს დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, ის დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ დონეზე მორალური თვალსაზრისით.
“ქართული ოცნება ვეღარ დაუძახებს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმას, რასაც ეძახის. ამას თუ შეელევა, მაშინ წააგებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი არა სხვებთან წააგებს არჩევნებზე. თუ „ქართული ოცნება“ ამ კანდიდატებს საშუალებას მისცემს დაინიშნონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, ის დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ დონეზე მორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, იმხელა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რომ არ ვფიქრობ, რამენაირად მოხდეს ამის დაბალანსება უზენაეს სასამართლოში ამ მოსამართლეების გაყვანით.
იმდენად უხერხული განხილვები მიმდინარეობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არა მარტო გეწაძის, არამედ რაც უკვე გავიარეთ, უნდა გაუჭირდეს ალანიას, გაბინაშვილის, ყველა იმ მოსამართლის მიმართ გადაწყვეტილების მიღება, ვინც იყო ადეიშვილის მოსამართლე,” – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, ეს პროცესი, რაც ახლა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.
“ეს არის მათთვის ტანჯვა და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი იტანჯებიან ყოველ დღე ამ მოსმენების დროს,”- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.