მოსკოვში იმედოვნებენ, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი შენარჩუნდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოვის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნების საკითხი მუშავდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც პრაღაში აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მის შემცვლელად პუტინმა ევგენი ივანოვი დანიშნა, თუმცა დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხში მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოვი გახდა, რომელიც სავარაუდოდ მოლაპარაკებებში კარასინს ჩაანაცვლებს.
„ამჟამად საკითხი მუშავდება, იმედს ვიტოვებთ, რომ დიალოგის ეს არხი ამა თუ იმ ფორმით შენარჩუნდება“,- განაცხადა რუდენკოვმა შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს საფუძველი 2012 წლის 1-ელ ნოემბერს ჩაეყარა, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
ორი დიპლომატის პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირდაპირ დიალოგს. მსგავსი დიალოგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ გამართულა, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.