დღეს სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარსდგება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით წარსდგება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისის დროით 19:00-20:30 სთ-ის შუალედშია დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს სესიაზე გენერალური დებატების დროს მიმართავს. წელს გენერალური დებატების მთავარი თემა სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისთვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება იქნება.

სალომე ზურაბიშვილი 2013 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოდან გაერო-ს ტრიბუნას დაიკავებს.
ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მიმართვის მთავარი თემა ოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზების ძიება და მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის როლი იქნება. ცნობილია, ისიც რომ პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ინგლისურ ენაზე მიმართავს.
ოკუპაცია ბოლო ორი დღის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ჩატარებული იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრების მთავარი თემაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები გაეროს შტაბბინაში მართავენ. ბოლო შეხვედრები გაიმართა ყაზახეთის, გვატემალის პრეზიდენტებთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან და ევროკავშირის პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე ეძებს ახალ გზებს და უფრო ეფექტურ საშუალებებს საოკუპაციო პროცესების შესაჩერებლად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები