“მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მომწონს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, იმპიჩმენტზე საკითხი ასე მარტივად არ დაისმება”
“შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ მიღებულმა ცუდმა გადაწყვეტილებამ დისკუსია უკვე გამოიწვია“,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება და გათვალისწინებული იქნება ყველას აზრი.
„ორი იურისტი რომ დაჯდეს, არ არსებობს, საერთო აზრი მარტივად ჩამოუყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა პრეზიდენტის იმ ექსკლუზიური უფლებამოსილების შეზღუდვა რაიმე ნორმით და კანონმდებლობაში ცვლილებით, რასაც ჰქვია შეწყალების უფლება. ერთი იურისტის აზრით ყოველთვის იქნება ასეთი მსჯელობა, რომ ეს შეწყალების უფლებას პრაქტიკულად ართმევს პრეზიდენტს, თუ ეს არის შეზღუდული უფლება და არა, აბსოლუტური დისკრეცია. მეორე მხრივ, მეორე იურისტმა პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლებელია, გარკვეული რისკების გამორიცხვას დაუჭიროს მხარი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია საუბარი. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო ბოლოს პრეზიდენტმა, ეს დისკუსია უკვე გახსნილია. ამაზე ვიმსჯელებთ ნებისმიერ შემთხვევაში, გავითვალისწინებთ ყველას აზრს, განსაკუთრებით ამ საქმის კარგად მცოდნე იურისტების, ჩვენ ჩვენი აზრი გვექნება. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, თუ საკანონმდებლო რეგულაციები არა, მაშინ რაღაც პრაქტიკა უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი იქნება ან შესაძლებელია, ვიფიქროთ იმაზეც, ასეთი შეზღუდვები საპარლამენტო დონეზე შეიქმნას“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკითხის დაყენება მარტივი არ არის, რადგან მას თავისი კონსტიტუციური საფუძვლები აქვს.
„იმპიჩმენტს აქვს თავისი კონსტიტუციური საფუძვლები, მიუხედავად იმისა, რომ მეც ძალიან არ მომწონს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, ასე მარტივად იმპიჩმენტზე საკითხი არ დაისმება ხოლმე. იმპიჩმენტის საკითხი ცოტა სხვა კატეგორიაა. საფრთხილოა, კონსტიტუციაში წერია მისი საფუძვლები და ამ საფუძვლების სხვანაირად ინტერპრეტირება არ შეიძლება, თუმცა ვინ როგორ განმარტავს, ამას შესაძლოა, კამათი მოჰყვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.