ახალგორის მოსახლეობა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართავს – „ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო ქართული პენსიაა“

ახალგორის მოსახლეობა დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს წერილით მიმართავს, რომ მან გულისხმიერება გამოიჩინოს და ე.წ. საზღვარი გახსნას, რადგან ხალხი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ვერ ახერხებს, სადაც კუთვნილ პენსიას იღებს.
მოსახლეობის თქმით, მათ სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ.
„ჩვენ „ლენინგორის“ მოსახლეობა მოგმართავთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო და გაცნობებთ, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან ყველას არ გაგვაჩნია ოსეთის პასპორტები, უმრავლესობა არ ვმუშაობთ, ერთადერთი შემოსავალი კი, საქართველოს პენსია, ჩვენთვის მიუწვდომელი გახდა. ფაქტობრივად, საარსებოდ საჭირო სახსრების გარეშე დავრჩით. ვის ვთხოვოთ და როდემდე?
დიდი პატივისცემა გვაქვს თქვენ მიმართ, ბატონო პრეზიდენტო, გვესმის რა ვითარებაა შექმნილი, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, შესაძლოა მხოლოდ იმაში ვართ დამნაშავე, რომ დავიბადეთ და დავბერდით „ლენინგორში“. და ჩვენ, მოხუცებს, სხვა სამშობლო არ გვაქვს, ჩვენი რაიონის დატოვებას არ ვაპირებთ.
242 ადამიანის ხელმოწერა შევაგროვეთ და ეს სრული სია არ არის, მაგრამ ამ დრომდე პასუხი რა მიგვიღია.
ბატონო ანატოლი ილიჩი, გთხოვთ, პირადად გადახედოთ ჩვენს მიმართვას.
რაიონის ჩინოვნიკები შექმნილ ვითარებაზე განმარტებებს არ აკეთებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, თავად კი არაკომპეტენტურები არიან.
კიდევ ერთხელ გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი თხოვნა და საქართველოში მიმავალი გზა არ ჩაკეტოთ!“ – ნათქვამია წერილში, რომელიც 19 სექტემბრით არის დათარიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები