არნოლდ სტეპანიანი: ვინც ფიქრობს, რომ პარტია ეთნიკური ნიშნით შექმნას, ან არ ესმის რას აკეთებს, ან მტრულადაა განწყობილი
ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით წავიდეს ან არ ესმის, რას აკეთებს, ან მტრულადაა განწყობილი, – ასე ეხმაურება სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველოს” თავმჯდომარე, არნოლდ სტეპანიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მოქალაქეთა ჯგუფი ეთნიკური ნიშნით პარტიების შექმნას გეგმავს.
არნოლდ სტეპანიანის თქმით, თუ მოქალაქეები მოახერხებენ და პარტიებს ეთნიკური ნიშნით შექმნიან, ეს ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით, ეთნიკური, რეგიონალური და რელიგიური ნიშნით პოლიტიკური პარტიების შექმნა ეკრძალებათ. თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მაინც შეძლებს ამ ნიშნებით პოლიტიკურ პარტიის შექმნას და დაარქმევს რაღაც ისეთ სახელს, რომელსაც ეთნიკურთან არანაირი კავშირი არ აქვს , ვფიქრობ, რომ პირველი – ეს ძალიან მავნეა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ საქართველო გეოგრაფიულად არ იმყოფება სადღაც კუნძულზე, რომელსაც არ ჰყავს ისეთი მეზობელი, როგორიც რუსეთია. მეორე – არის დიდი რისკი, რომ მტრები ეცდებიან, შემოვიდნენ ფინანსებით, დააფინანსონ ეს პარტიები, კიდევ უფრო დახლიჩონ საქართველო.
ის ვინც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით წავიდეს, ან არ ესმის რას აკეთებს, ან მტრულადაა განწყობილი. მინდა, ყველას ვთხოვო და გავაფრთხილო, რომ ამ მიმართულებით კი არ იფიქრონ, არამედ იფიქრონ იმ მიმართულებით, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან შეუძლიათ თანამშრომლობა.
ძირთადად, ვიცით, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები და დიდი ალბათობით, თუ ვინმეს ექნება ეს იდეა ან დაფინანსება, ამ ორ რეგიონში იქნება. ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ახლა ის პერიოდია, რომ კარგად ვამცნოთ ხალხს, არ წავიდნენ იმ გზით, რომელიც ქვეყნისთვის მავნეა. ყველას ერთი ქვეყანა გვაქვს, დასაკარგი ყველას ერთი გვაქვს“- განაცხადა არნოლდ სტეპანიანმა.
თამუნა შეყილაძე