ბოჟაძე: ბლოკებს არანაირი აზრი აღარ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ბიულეტენში „გაერთიანებული ოპოზიცია“ ერქვათ

გვექნება უნიკალური საარჩევნო სისტემა, რომელიც 2020 წლის პარლამენტში ფართო წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობს. როგორც ის აცხადებს, ხელისუფლების შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირებას უზრუნველყოფს.

„ თქვენ იცით, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის 28 წლის მანძილზე 9 საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ და ყველა შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ყველა არჩევნების წინ ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვდა, გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ფაქტობრივად, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული 2017 წელს, როცა ჩვენ გადავედით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. იცით, რომ ეს ვადა 2024 წლისთვის იყო გათვლილი, მაგრამ 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და თარიღმა გადმოიწია. 2020 წელს ჩვენ უკვე პროპორციული საარჩევნო სისტემა გვექნება, ბლოკების გარეშე, გვექნება ე.წ. ნულოვანი ბარიერი. მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ვინც საარჩევნო ბიულეტენში იქნება, პარლამენტში ავტომატურად მოხვდება. ჩვენ მაინც გვაქვს 0, 67 %, ე.წ. ბუნებრივი ბარიერი.
გარდა კონსტიტუციისა, იცით, რომ იცვლება საარჩევნო კოდექსიც. იცვლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც თუნდაც 1 მანდატს მიიღებს, დამოუკიდებლად მიიღებს დაფინანსებას მის მიერ მიღებული ხმებიდან გამომდინარე“- განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, საარჩევნო ბლოკების შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.

„ ჩვენ ასევე განვიხილავთ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს, რომელიც 3 %-იან საარჩევნო ბარიერს და ბლოკების დაშვებას გულისხმობს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკს არანაირი აზრი და დანიშნულება აღარ აქვს. ბლოკის ამოცანაა ერთადერთი, რომ შენ სხვასთან ერთად შეძლო იმ ბარიერის გადალახვა, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გადალახავ. თუ პოლიტიკურ პარტიას დამოუკიდებლად 0, 67 %-ის აღების საშუალება არ აქვს, ასეთ პარტიას, ალბათ, ბლოკშიც არავინ დაუძახებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, როგორც მე ვფიქრობ, არის ის, რომ მათ საარჩევნო ბიულეტენში ერქვათ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ გაერთიანებული ოპოზიცია. გვერდით მხოლოდ ის პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები დაიყენონ, ვისაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, დანარჩენს ყველას დაარქვან მოღალატე, ან მოსყიდული „ქართული ოცნებიდან“ და ამით შეეცადონ, გაწმინდონ ოპოზიციური პოლიტიკური ველი. ასევე, ამ შემთხვევში, ოპოზიციური ხმები გაყოფილი იქნება, რაც დააზარალებს „ნაციონალურ მოძრობას“ – განაცხადა ბოჟაძემ.

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.

„ნამდვილად უნიკალური საარჩევნო სისტემა გვექნება, რომელიც უზრუნველყოფს ფართო წარმომადგენლობას 2020 წლის პარლამნეტში. ჩვენ გვეყოლება მართლა მრავალპარტიული პარლამენტი, და რაც ყველაზე მთავარია, სავარაუდოდ, გვეყოლება კოალიციური მთავრობა.
მე ვვარაუდობ პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას, პარტიებს შორის დაპირისპირებას, განსაკუთრებით „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალური მოძრაობას“ შორის. სამოქალაქო სექტორმა, მედიამ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მშვიდობიანად ჩავატაროთ 1-წლიანი საარჩევნო კამპანია „- განაცხადა ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები