ლადო ბოჟაძე ე.წ ამომრჩეველთა ხმის გადატანის პრინციპის დანერგვის ინიციატივით გამოდის

“სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ე.წ ამომრჩეველთა ხმის გადატანის პრინციპი დაინერგოს. ამის შესახებ ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბოჟაძის განმარტებით ეს პრინციპი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაუადვილებს.

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით და უახლოეს შეხვედრაზე უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის ფორმატში წარვუდგენთ ჩვენს საინიციატივო წინადადებას. ვიცით, რომ ყველა შემთხვევში ვიქნებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენი ინიციატივაა განხორციელდეს ე.წ. ამომრჩეველთა ხმის გადატანის პრინციპი. ეს იმას გულისხმობს, როცა ამომრჩეველს შეეძლება 30 დღით ადრე კენჭისყრამდე და არა უგვიანეს 15 დღისა კენჭისყრამდე, მიმართონ იმ საუბნო საარჩევნო კომისიას, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ, სადაც ექნებათ სურვილი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ე.წ. სპეციალური სიების პრინციპით, იქ სადაც იქნებიან რეგისტრირებულები, შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება, რომ ისინი არიან სპეციალური სიაში შეყვანილები და სხვაგან იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. იცით, რომ პროცედურულად გვაქვს მარკირების პრინციპი, მარკირებაც თავისთავად გამორიცხავს არჩევნებში ორჯერ მონაწილეობას. ასევე, ჩანაწერი გაკეთდება, რომ ისინი იმყოფებიან სპეციალურ სიაში.
ვფიქრობთ, თუ ამ ინიციატივას პარლამენტი გაითვალისწინებს და მხარს დაუჭერს, ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეს მივცემთ საშუალებას, ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების და ხარჯების გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე შეთავაზება გვაქვს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ესაა ე.წ. ელექტრონული ხმის მიცემა სპეციალური ID ბარათისა და წამკითხველის საშუალებით. იუსტიციის სამინისტროს ამის ტექნიკური საშუალებები ნამდვილად აქვს“- განაცხადა ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები