ბენ ხოჯესი: საჭიროა უსაფრთხოების ზონის შექმნა, რათა რუსეთმა ოდესის ბლოკირება ვერ შეძლოს
უკრაინამ ნატოსთან ერთად სახმელეთო და საზღვაო სისტემების გამოყენებით უსაფრთხოების ზონა უნდა შექმნას, რათა რუსეთის ფლოტმა ოდესის ბლოკირება ვერ შეძლოს.
ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა სარდალმა ბენ ხოჯესმა განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ნატოს ქვეყნები შავ ზღვაში სწავლების გამართვის ადგილებს ასაჯაროებენ, რუსეთი ამ ადგილებისკენ მისასვლელ გზას კეტავს.
„ეს არის ოდესის ბლოკადის დროებითი ზომა. შემთხვევითი არ არის. ამიტომაც არიან რუმინეთი და ჩვენი სხვა მოკავშირეები ასე შეშფოთებულები“,- აღნიშნა ხოჯესმა.
გენერლის თქმით, უკრაინამ უნდა გამოიყენოს, როგორც წყალქვეშა, ისე სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები შავ ზღვაში დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით.
„როგორც დრონები, ოღონდ წყალში, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ნავებისა და გემების დაზვერვა. არსებობს უამრავი რამ, რისი გაკეთება უკრაინას შეუძლია და ეს ძვირიც არ ღირს. განსაკუთრებით ეს ეხება სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას რუმინეთთან, საქართველოსთან და აშშ-სთან“, – განაცხადა ბენ ხოჯესმა.
გენერალი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს ახალი “რკინის ფარდა“ შექმნას, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.
მისივე აზრით, ალიანსმა შავი ზღვის რეგიონში ძალები უნდა გაზარდოს, რომ აშშ-ის პარტნიორები რუსეთის შესაძლო აგრესიისგან დაიცვას.