„აფხაზეთი – მეხსიერების მუზეუმი“ – შეხვედრა გაიმართება
27 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, შეხვედრა: „აფხაზეთი-მეხსიერების მუზეუმი“ გაიმართება.
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ინფორმაციით, ეს იქნება აფხაზეთისა და სოხუმის გახსენების საღამო.
მოწვეულ სტუმრებს – ბექა ქურხულს, ლილი და ნანა ხურითებს, რობერტ მესხს, მანონ ბულისკერიას, ქეთი დუმბაძეს, შორენა ლებანიძეს, რეზო თაბუკაშვილსა და ბესო სოლომანაშვილს – აფხაზეთთან საკუთარი წარსული, ცხოვრების უდიდესი ნაწილი აკავშირებთ და აფხაზეთი მათ შემოქმედებაში მთავარ თემაა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ – მემორიალური მუზეუმის კურატორი მზია ნადირაძე შეხვედრას ილიასეული ექსკურსით წარუძღვება.
შეხვედრისას გამოყენებული იქნება ვიზუალური მასალა – პირადი ბიოგრაფიის ანაბეჭდები მეხსიერების საცავიდან.
„აფხაზეთი და სოხუმი ჩვენი სამშობლოა, უფრო მეტია, ვიდრე რუკაზე მონიშნული ტერიტორია და საგზაო მანიშნებლები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალებზე მგზავრობისას, რომლებიც დასავლეთ საქართველოსკენ, სოხუმისკენ მიგვითითებენ.
სოხუმი თითეული ადამიანისთვის ინდივიდუალური ამბავია, ვისთვის მითია, ვისთვის ტკივილი, ვისთვის ისტორია და ვისთვის უწყვეტობა“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მისამართი: გ. ჩუბინაშვილის ქ. 22