პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არმიის მოდერნიზების შეთანხმებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა „აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა.

13 სექტემბერს შესაბამისი წინადადებით პუტინს რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა მიმართა.

ე.წ. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს, „აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების დაფინანსებას; მათ შორის სამხედრო მმართველობის ეტაპობრივ უნიფიცირებას; მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ფულად კომპენსაციას და სხვა სოციალურ გადასახადს; აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მომზადებას; ასევე მათ აღჭურვას იარაღის თანამედროვე სახეობებით, რასაც რუსეთის მხარე უზრუნველყოფს“.

ე.წ. შეთანხმების მესამე მუხლში აღნიშნულია, რომ „აფხაზეთის შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთის მიერ შეძენილი ან აშენებული უძრავი ქონება რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, ამასთან აფხაზეთის რესპუბლიკა მის იურიდიულ უფლებას უზრუნველყოფს. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთის მიერ შეძენილი ან აშენებული უძრავი ქონება, შესაძლოა, აფხაზურ მხარეს გადაეცეს“.

შეთანხმება ძალაში მისი ხელმოწერიდან შევა. პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტები უნდა მომზადდეს არა უგვიანეს 15 დეკემბრისა.

შეთანხმება ძალაშია მისი ხელმოწერიდან 3 წლის ვადაში და ავტომატურად გრძელდება მომდევნო 3-წლიან პერიოდებზე, მანამდე სანამ ერთ-ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები