ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა. ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი საქართველო გერმანიასთან ერთად გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პორტუგალიის ქალაქ სინტრაში დღეს მიიღეს, სადაც ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის III საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით – „ახალი ერა ისტორიული ბაღების მართვასა და შენარჩუნებაში“ მიმდინარეობს.
გაერთიანებაში წევრობის ნომინაციაზე საქართველო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა, რომლის სახით კავშირის საერთაშორისო ფორუმს ქართული დელეგაცია პირველად ესწრება. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ბაღების ევროპული კავშირი ქმნის „ისტორიული ბაღების მარშრუტს“, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებში წევრიანდება. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში გაწევრიანების პირობებში კი საქართველო ავტომატურად ერთვება ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში, სადაც ის 5 ისტორიული ბაღით იქნება წარმოდგენილი – თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი და წინანდალის ჭავაჭვაძეების ისტორიული ბაღი.
ისტორიული ბაღების ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დღესვე გადაწყდა, რომ გაერთიანების IV საერთაშორისო ფორუმს 2020 წლის სექტემბერში საქართველო უმასპინძლებს. მომდევნო წელს ღონისძიება თბილისსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ- მუზეუმში გაიმართება.
ევროპულ მარშუტში საქართველოს ისტორიული ბაღების გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საბაღე-საპარკე ხელოვნების ძეგლებზე ისტორიული ბაღებით დაინტერესებული ვიზიტორების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირში ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის სახით ამ დრომდე მხოლოდ 3 ქვეყანა იყო გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები