მამუკა მდინარაძე: გუშინდელი აქციით, ვნახეთ, რომ მათ არ გააჩნიათ რესურსი, საზოგადოებაში ტყუილები ბოლომდე გაიტანონ

0

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ვერავინ გაიგო გუშინ, 20 სექტემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან ოკუპაცია რა კავშირში იყო. მისი თქმით, ამ საკითხს გარკვეული ჯგუფები სპეკულაციისთვის იყენებენ.

„გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც – რა შუაში იყო ოკუპაცია, გუშინ ვერავინ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას, სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის.

ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად. მათი მრჩეველი ვერ ვიქნები, მაგრამ ამ საყოველთაო ე.წ. მობილიზაციის ფონზე, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არ გააჩნიათ რესურსი, ტყუილები ბოლომდე გაიტანონ საზოგადოებაში. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს არავის უნდა ჰქონდეს და ჩვენი მხრივ, პასუხისმგებლობასაც ვიღებთ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი