არჩილ თალაკვაძე: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა. გვინდა, ამ თვალსაზრისით, ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს მედიას 10 გამოწვევა და საკითხი გააცნო, რომლის შესახებაც საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი იმუშავებს.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების მხარდაჭერის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს.
„მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების მხარდაჭერა. განვიხილავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც მათ ექნებათ კიდევ უფრო განსაკუთრებული სტატუსი და დაფინანსება, ეს სოფლები შეძლებენ, მიიღონ უფრო მეტი მხარდაჭერა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური დებატებით, არამედ ბიუჯეტითა და საკანონმდებლო თვალსაზრისითაც ეს მიმართულებები არის გამაგრებული ბოლომდე.
რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენს პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რამე ემოციური გადაწყვეტილებებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი. ამიტომ გზა, რომელიც დავისახეთ, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და, ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, არ გვესახება. ამაში ჩვენ საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას ველით მომავალშიც“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს მთავარი გამოწვევები გააცნო, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს.