აქციას „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ ახალციხეც შეუერთდა

0

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“, დღეს, 20 სექტემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
დასუფთავების მასშტაბურ აქციაში აქტიურად ჩაერთნენ სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს რეკრეაციული ზონები, ქალაქისა და სოფლების შემოგარენი.
​დასუფთავების ღონისძიებები საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე, ურავლის ხეობის, საფარის, საბარგო სადგურისა და აბასთუმნის გზატკეცილის მიმართულებით მოეწყო. დასასუფთავებელი ლოკაციების შერჩევისას აქცენტი ტურისტულ მარშრუტებსა და ცენტრალური საგზაო მაგისტრალებზე გაკეთდა.
აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა და 1992 წლიდან საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დასუფთავების მიზნით მსოფლიო საზოგადოებას აერთიანებს, საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი