ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე მარიამ ჯაშს შეხვდა

0

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორს, გაგა ჩხეიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მუშაობისას კულტურის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება ქართული კინოს დაფინანსების მაქსიმალურად გაზრდა.
„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს კინოცენტრთან, კინოაკადემიასთან, „ქართული ფილმის“ სტუდიასთან და ქართული კინოს ინდუსტრიაში ჩართულ ყველა მონაწილე მხარესთან, რათა გავაძლიეროთ როგორც პოლიტიკის საფუძვლები, ასევე კინოს განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს მიმდინარე საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
გაგა ჩხეიძის ინფორმაციით, ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება – 2 წელიწადში ერთხელ ბერლინში ხოლო დანარჩენ დროს ევროპის სხვადასხვა ქალაქში. საქართველო დაიწყებს მუშაობას შეთავაზებაზე, რომ 2022 წლის კინოაკადემიის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართოს თბილისში.

გაგა ჩხეიძე:
„ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან. ცერემონიის მსვლელობისას მთელი ყურადღება იმ ქვეყნისადმი არის მიმართული, სადაც ღონისძიება ტარდება. წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია გადაიცემა არაერთი ევროპული წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, რადგან იგი ევროპული კინოს ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს აფასებს. ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტია ვიმ ვენდერსი. კინოაკადემია დღეს 3600 წევრს აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ქართველი კინემატოგრაფისტები არაერთხელ გამხდარან ევროპული კინოაკადემიის ნომინანტები, ძირითადად სადებიუტო ფილმებით.
ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა შეთავაზების მომზადებაზე, ახლა მთავარია ჩვენი ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარიამ ჯაშს თანამშრომლობისთვის“.
მარიამ ჯაშის შეფასებით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოპულარიზაციისთვის კინოსამყაროში და ევროპის წამყვანი კინორეჟისორების, მსახიობებისა და, ზოგადად, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ცნობიერების გაზრდისთვის ქართული კულტურის მიმართულებით.
„კომიტეტი მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ქართული კინოს განვითარების შესაძლებლობებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომიტეტის შემდგომი გასვლითი სხდომა მიეძღვნება ქართული კინოს მდგომარეობის შეფასებას და მისი განვითარების გეგმების განხილვას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი