ქეთევან ციხელაშვილი: გამშვები პუნქტის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანებსა და მათ ინტერესებს მნიშვნელობა არ აქვს

0

გამშვები პუნქტის ჩაკეტვა არის უმძიმესი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანებს და მათ სასიცოცხლო ინტერესებს მნიშვნელობა არ აქვს.

„ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად, ამით აბსოლუტურ და სრულ იზოლაციაში ექცევა, რომელიც არის უმძიმესი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ და საუბედუროდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანებსა და მათ ინტერესებს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. შეფასების ნაწილში, ვერანაირად ვერ ვიქნები სხვაგვარი, მაგრამ მინდა, მაინც გამოვთქვა იმედი, რომ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც დაცლილია ჰუმანური პრინციპებისგან, სრულად გააცნობიერებენ, რამხელა პრობლემა ექმნება ადგილზე ოჯახებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჯანდაცვის საჭიროების მქონე პირებს და არა მხოლოდ მათ იმით, რომ გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არ ეხება მხოლოდ ქართველებს, ეხება ასევე ეთნიკურად ოსებს. მათი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც, შეზღუდული ფორმა გადაადგილების, რაც გვაქვს ახალგორისა და პერევის მიმართულებით, დაუყონებლივ უნდა აღდგეს“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი