თბილისის ზღვაზე აფროსნობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართება

20-22 სექტემბერს თბილისის ზღვაზე აფროსნობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დევი ქიტუაშვილმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, თემო გოცაძემ ისაუბრეს.
„ღონისძიება იქნება თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში, მასში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სტუმრები სომხეთიდან. ეს პირველობა უკვე მეოთხე წელია, რაც ტარდება. ამ პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ სამი კლასის ნავები. ესენია: ოპტიმისტის საერთაშორისო კლასი, რომელიც დამწყები აფროსნებისთვისაა, ლაზერის საერთაშორისო ოლიმპიური კლასი და კატამარანის ტიპის ტოპკატ k2-ის საერთაშორისო კლასი. ჯამში გვეყოლება 25 მონაწილე. შეჯიბრი გაიმართება 20-დან 22 სექტემბრის ჩათვლით“, – განაცხადა დევი ქიტუაშვილმა.
მან აფროსნობის ფედერაციის საქმიანობის შესახებაც ისაუბრა.
„აფროსნობა პოპულარულ სპორტად ალბათ, ვერ ჩაითვლება. ისტორიის მხრივ, ადრე, რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა იყო. საქართველოში 60-იანი წლებიდან არსებობს, ჩართულობა ბევრად მაღალი იყო.
ვფიქრობ, ჩვენი აქტივობა ძალიან იზრდება. ფედერაცია თავისი საქმიანობით უკვე ავიდა ისეთ დონეზე, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდამტეხი პერიოდია აფროსნობაში. სპორტის სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. აფროსნობის ეროვნულმა ფედერაციამ წელს მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო სპორტის სამინისტროსგან. ასევე ყოველწლიურად გვაქვს მუნიციპალიტეტისგან დაფინანსება ლოკალური კავშირისთვის, რაც საკმაოდ დიდი დამხმარებაა ჩვენთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მივესალმებით და რამაც გახადა კიდევაც შესაძლებელი, რომ წელს უკეთესი სახის პირველობა ჩავატაროთ, არის ის, რომ გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება „ჯორჯიან მანგანეზთან“ და მივიღეთ კერძო ბიზნესისგან დაფინანსება ერთ-ერთი კლუბის აღჭურვისათვის. ვიყიდეთ 20 სპორტული ნავი დამწყებებისთვის, რითიც ვმასპინძლობთ სომხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, აქამდე ამას ვერ ვახერხებდით“, – განაცხადა დევი ქიტუაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები