“გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესებშია – როგორმე ხალხი გაღატაკდეს და ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს”

“გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებთ, რაც რუსულ ინტერესებში შედის – რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს და ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ოპოზიციას. როგორც მან აღნიშნა, ისინი ყოველ ასეთ ფარისევლობაზე საკადრის პასუხს მიიღებენ.

​”ბატონო სერგო (რატიანი), ხშირად გამოდიხართ ხოლმე ამ თქვენი დემოკრატიული სფიჩით, რაც კიდევ ერთხელ, თვალნათლივ აჩვენებს იმ ფუნდამენტურ განსხვავებას, რაც ჩვენსა და თქვენს შორის არის. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის შტურმის თემასთან დაკავშირებით, დადგით რაღაც სპექტაკლი და სტვენით იყავით დაკავებული. თქვენ და თქვენმა კოლეგებმა „ნაციონალურ მოძრაობაში” 2016 წელს, ძალიან კარგად იცოდით, „ნაციონალურ მოძრაობას” რა ცოდვების რიგი აწევს მხრებზე, მაგრამ სწორედ ამ პოლიტიკური ძალის სახელით, დღეს თქვენ სხედხართ პარლამენტის დარბაზში, გვმოძღვრავთ და გვესაუბრებით დემოკრატიაზე. თავის დროზე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდით, რა ცოდვები აწევს ამ პოლიტიკურ ძალას, აი ამ ცოდვების აღიარებით ხართ დღეს აქ წარმოდგენილი.

ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, არის ის ფუნდამენტური განსხვავება, რაც თქვენსა და ჩვენს შორის არის. აქ ვსაუბრობთ ხოლმე პროდასავლურ და პრორუსულ მიდგომებზე და დამოკიდებულებაზე და სირცხვილია, მართლა. სირცხვილი იცით რა არის? თქვენი სურვილია, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩამოქცეული და მოსახლეობა იყოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ, რომ როგორმე მოახდინოთ თქვენი პოლიტიკური მიზნების რეალიზება და ეს არის თქვენი ძირითადი სტრატეგია. ამიტომ არის მთელ უბედურებაზე რომ გვესაუბრებით და იცით რა არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის? რომ თქვენს მიერ დახატულ ამ აპოკალიფსურ სურათის საპასუხოდ ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან საქართველოს რეფორმების სრულ აღიარებას. ახლა იძახეთ რამდენიც გინდათ, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ და დაიწყეთ საუბარი ეკონომიკურ სიდუხჭირეზე. გვესაუბრებით პროდასავლურობაზე და მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებთ იმას, რაც რუსულ ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხალხი გაღატაკდეს, როგორმე ამ ქვეყანას უბედურება თავზე დაატყდეს, რომ როგორმე თქვენი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები რეალიზდეს. ასე რომ, ამ ყველა თქვენს ტყუილზე ყველა ფარისევლობაზე, თუნდაც, პროდასავლურ ფარისევლობაზე, მიიღებთ ძალიან სწორ პასუხს – ეს არის სიმართლე. ეს არის აღიარება ევროკავშირისგან, ეს არის ნატოს მხრიდან აღიარება და თქვენი სტვენა და საუბარი პრორუსულობაზე, გირჩევთ, იცით როდის უნდა დაგეწყოთ? როდესაც გრიგოლ ვაშაძეს, „კგბ”-ს მაღალჩინოსანს რომ შეეკარით, და მხარდაჭერა გამოუცხადეთ. თუ ანტისაოკუპაციო კამპანიის წარმოება გნებავთ, მიბრძანდით და მასთან გააპროტესტეთ და ეს იქნება თქვენი მხრიდან ყველაზე სწორი რეაქცია”,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

​მან ასევე მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ​ს მკაფიო, სერიოზული და მხარდამჭერი განცხადებებისთვის​.
“​ამ ფონზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი კვირის წინ საქართველოში ბრძანდებოდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი, რომელთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს სხდომა და მინდა, მას მადლობა გადავუხადო, საბჭოს წევრებს მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ძალიან მკაფიო, სერიოზული და მხარდამჭერი განცხადებებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ ქალბატონმა მადლენ მუნმა მოინახულა საოკუპაციო ზოლი და ამასთან ერთად, თავისთავად, კიდევ ერთხელ, ის ფუნდამენტური განსხვავება მინდა, შეგახსენოთ – თქვენ თქვენი საქმით და ქცევით მაქსიმალურად უარყოფდით და ანგრევდით იმ დემოკრატიულ საფუძვლებს, რაც ამ ქვეყანას ჰქონდა და თქვენი ქცევით აკეთებდით იმას, რაც სამწუხაროდ, ჩვენი მტრის, რუსეთის ინტერესებში შედიოდა და დღეს რეალობა არის ეს და მოგიწევთ, ამ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, რეალობა არის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნება” თავისი საქმით, თავისი მოქმედებით ამტკიცებს და აძლიერებს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას და ამ სწრაფვას”,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები