წმინდა გრიგოლ ფერაძის საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

0

შარშან, 13 სექტემბერს, წმიდა გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის გახსნისას უკვე ჩაფიქრებული გვქონდა, 1 წლის შემდეგ ჩაგვეტარებინა წმინდანის დაბადებიდან 120 წლის იუბილე და მთელი წელი ვემზადებოდით ამ თარიღისათვის.
ამ დროისათვის ჩვენს კავშირს უკვე ჩატარებული გვქონდა 7 ადგილობრივი კონფერენცია: ზესტაფონში, ყვარელში, გურჯაანში, გორში, თბილისში სამების ტაძარში, თბილისის უნივერსიტეტში, კონსერვატორიაში და დიდი საერთაშორისო კონფერენცია საპატრიარქოს უნივერსიტეტთან ერთად, 2009 წელს, წმინდანის დაბადებიდან 110 წლისთავზე.
დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, რასაც ვიყენებდით ამ კონფერენციის მომზადებისას.
ამ წლის დასაწყისში შემოგვიერთდა თსუ-ს ისტორიის ინსტიტუტი და წარდგენილ იქნა საბუთები რუსთაველის ფონდში კონფერენციის დასაფინანსებლად. თვითონ წმიდა გრიგოლ ფერაძის შეწევნით, გადავლახეთ მრავალი ბიუროკრატიული სიძნელე (რაც არაა გასაკვირი ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოსთვის) და, როგორც იქნა, კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე ჩამოსული სტუმრების აზრით, ჩატარდა მაღალ, როგორც მეცნიერულ, ისე ორგანიზაციულ დონეზე.

ფერაძეები ზაზა ფერაძის საფლავთან მუხათგვერდში

კონფერენციის ბოლო დღე მთლიანად ჩვენი კავშირის მოწყობილი იყო, რაშიც მხარში ამოგვიდგა ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესია და გურჯაანის მერია.
ეკლესიაში ჩატარდა ერთობლივი წირვა ვარშავის წმ. გრიგოლ ფერაძის სამლოცველოს დეკანოზ ჰენრიკ პაპროცკის, პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის მოძღვარის მამა არჩილ დევრიშაშვილის და ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვარის მამა გიორგი ქუმსიაშვილის მონაწილეობით.
ეკლესიაში იგალობეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, სპეციალურად კონფერენციაზე პარიზიდან ჩამოსულმა ემიგრანტების ქალთა ტრიომ, რომლის ხელმძღვანელია ჩვენი მოგვარე ნანა ფერაძე. მათ შეასრულეს ნანა ფერაძის მიერ სპეციალურად წმ. გრიგოლ ფერაძის ტროპარისათვის დაწერილი საგალობელი. ტრიომ იგალობა აგრეთვე წმ. გრიგოლის სახლ-მუზეუმში და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ბაკურციხიდან სტუმარ-მასპინძლები გაემგზავრნენ გურჯაანის ყოვლადწმინდის დასათვალიერებლად და VIII-IX საუკუნის ორგუმბათოვანმა ტაძარმა მათზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ გურჯაანის მერიის მასპინძლობით, სტუმრებმა დაათვალიერეს ველისციხის მუზეუმი-მარანი „ნუმისი“, სადაც მოეწყო კონფერენციის გამოსათხოვარი ვახშამი.
კონფერენცია ამით დასრულდა. როგორც ჩაფიქრებულია, იგი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და სულ ახალ-ახალ მოხსენებებს წარმოადგენს გრიგოლ ფერაძის ნაშრომების შესწავლაში და მთლიანად ქართველოლოგიაში, რათა გაამართლოს კონფერენციის დასახელება და მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ საქართველომ დიდი როლი შეასრულა ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარებაში.

ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი – ზაზა ფერაძე

ბოლოს, არ შეიძლება მადლიერებით არ მოვიხსენიოთ გურჯაანის მერი, ბატონი არჩილ ხანდამაშვილი, მისი მოადგილე ქალბატონი ლელა თედორაშვილი და ბაკურციხის ეკლესიის პერსონალი, ჩვენი სპონსორები: „ფერაძეების მეღვინეობა“, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და კომპანია „ბლექ სი გრუპი“ გაწეული დახმარებისათვის და თუკი სტუმრები ყველანი კმაყოფილი წავიდნენ, ეს მათი დამსახურებაცაა.
კონფერენცია დასრულდა, მაგრამ ფერაძეებს ერთი დაუსრულებელი ჩანაფიქრი დაგვრჩა.
როგორც კონფერენციის ერთ-ერთ პრესრელიზში ვახსენეთ, 2008 წლის ომში გმირულად დაიღუპა ჩვენი მოგვარე, უფროსი ლეიტენანტი ზაზა ფერაძე, იგი ხელმძღვანელობდა სნაიპერების ჯგუფს და სამჯერ შევიდა ცხინვალში მეგობრების გამოსაყვანად. მესამე შესვლა ალმოდებულ ცხინვალში საბედისწერო აღმოჩნდა, დაჭრილი მეომრის გამოყვანისას იგი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა და დაკრძალულია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

წმ. გრიგოლ ფერაძის პირველი ეკლესია საქართველოში/ჩერონში/

კონფერენციის დამთავრებიდან მეორე დღეს, ფერაძეები ავედით მუხათგვერდში და პატივი მივაგეთ ჩვენს გმირ მოგვარეს, ზაზა ფერაძეს.
მუხათგვერდიდან გავემგზავრეთ ტაბახმელაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შენდება წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელზე ერთადერთი ტაძარი საქართველოში.
ამ ტაძრის ამშენებელმა მამა ილია მარგველაშვილმა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ეკლესიაში, გრიგოლ ფერაძის და ყველა წასული ღირსეული ფერაძეების პანაშვიდი გადაიხადა.
მამა ილია მარგველაშვილმა დაგვათვალიერებინა აშენებული ბიბლიოთეკა, ბავშვთა ოთახი, გაგვაცნო გეგმები და ბოლოს იქ მისულ ფერაძეებს გაგვიმასპინძლდა სატრაპეზოში, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ტაძარი, რომელიც მალე დამთავრდება, გახდება ყველა ფერაძის საყვარელი სალოცავი ადგილი.

ილია ფერაძე, 
წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების
დამფუძნებელი, პროფესორი

კომენტარები

კომენტარი