ალეკო ელისაშვილი: პრეზიდენტი, პატიმრების შეწყალებაზე, როგორც ჩანს, ფულს აკეთებს

0

პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ფულს აკეთებს პატიმრების შეწყალებაზე, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლმა, ალეკო ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები.

„უკვე ტენდენციის სახე მიიღო იმ გამაოგნებელმა და აღმაშფოთებელმა გარემოებამ, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ზედმიწევნით ათავისუფლებს ძალიან მძიმე დანაშაულში – მკვლელობაში მსჯავრდებულებს ისე, რომ არც კი თვლის თავს ვალდებულად, რამე განგვიმარტოს. წინა შემთხვევაც, ეს შემთხვევაც, პირადად მე, მიმყარებს ეჭვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ კორუფციაშია ჩართული შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვა ახსნა არ მაქვს. თავად არაფერს განმარტავს, შეწყალების კომისია გაუქმებულია 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ. შესაბამისად, გაუქმებული და ჰაერში გამოკიდებულია დებულება, რომლითაც კომისია ხელმძღვანელობდა. ჰაერში გამოკიდებულია კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ხარისხდებოდა ხოლმე მსჯავრდებულების საქმეები. პრეზიდენტი ამბობს, რომ არ თვლის თავს ვალდებულად, რამე აგვიხსნას.

რჩება ერთადერთი – პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ფულს აკეთებს პატიმრების შეწყალებაზე. ეს ეჭვი დღითიდღე მიმყარდება. სხვა მხრივ აუხსნელია. თან, თუ დააკვირდებით ბოლო ორი შეწყალებული, ორივე აჭარიდან იყო, სავარაუდოდ, რაღაცა კორუფციული სქემა ააწყო აჭარაში სალომე ზურაბიშვილმა და ფულს აკეთებს. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. როგორ შეიძლება პოლიციელის მკვლელობაში, ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში, მსჯავრდებული ადამიანები 2 და 3 წლის შემდეგ გაათავისუფლო ციხიდან,  ისე , რომ საერთოდ არ ახსნა.

მე პირადად სისხლი და ოფლი ჩავანთხიე დებულების ცვლილებაში, რომ შეწყალების კომისიის დებულება ადამიანური გამხდარიყო , გასაგები ყოფილიყო შეწყალების კრიტერიუმები. ამ ქალმა ხელის ერთი მოსმით მოისროლა სადღაც თაროზე ეს ყველაფერი. შეკითხვას ვსვამ, როგორც მოქალაქე და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც შეწყალების პროცესი სულ ერთი არ არის: შეწყალების კომისია რომ დაითხოვა, დღემდე რატომ არ არის შეწყალების კომისია დაკომპლექტებული? ეს არის პრეზიდენტის სარეკომენდაციო ორგანო, რომელიც მის მაგივრად უზარმაზარ შრომას ეწეოდა, ახარისხებდა საქმეებს  და უკვე დაწურულ სიას მაგიდაზე უდებდა პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილმა გამცეს პასუხი – რატომ არ არის დღემდე დაკომპლექტებული შეწყალების კომისია, თუ საქმე არ გვაქვს კორუფციასთან? თუ განმარტებებს არ გააკეთებს, უნდა დაიწყოს მის მიმართ გამოძიება და იმპიჩმენტის საკითხი დაისვას“- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არის რამაზ დევაძე, რომელიც სასჯელს პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, მკვლელობისთვის იხდიდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი