„ბაქო – თბილისი-ანკარას“ შორის სამგზავრო სამატარებლო მიმოსვლის დაწყება გადაიდო – რა გახდა შეფერხების მიზეზი?
თურქული გამოცემა railturkey.org -ის ინფორმაციით, „ბაქო – თბილისი -ანკარას“ შორის სამგზავრო სამატარებლო მიმოსვლის დაწყება ისევ გადაიდო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამგზავრო მიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულისათვის იგეგმებოდა. „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ოფიციალური წარმომადგენლობის ინფორმაციით, მატარებელი მზად არის გასაშვებად, მაგრამ მოუგვარებელია საკითხები საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით თურქეთსა და საქართველოს საზღვარზე.
როგორც railturkey.org წერს, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შეხვედრა აგვისტოში იგეგმებოდა, რათა მატარებლის მოძრაობის განრიგზე, მგზავრობის საფასურსა და საბაჟო პროცედურებზე საბოლოოდ შეთანხმებულიყვენ, თუმცა ეს შეხვედრა სექტემბრის ბოლოსთვის გადაიდო. თურქული გამოცემის ინფორმაციით, მინსკში Stadler-ის ქარხანაში, მეორე მატარებლის შემადგენლობა შენდება, რომელიც „ბაქო -თბილისი – ანკარას“ მიმართულებაზე იმოძრავებს და ექსპლუატაციისთვის 2020 წლის პირველ კვარტალში იქნება მზად.
ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებაზე Stadler Rail Group-ის მატარებლები იმოძრავებს. პირველი 10-ვაგონიანი შემადგენლობა თურქეთიდან, ახალქალაქის გავლით, აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე წლის 29 მარტს ჩავიდა. შვეიცარიული ვაგონ-შემადგენლობა სრულად შეესაბამება საერთაშორისი სტანდარტებს და მგზავრების მაქსიმალურ კომფორტზეა ორიენტირებული. თითოეული ვაგონი დამოუკიდებელი კვების წყაროთია აღჭურვილი. ლოკომოტივის დაზიანების შემთხვევაში, მგზავრების უწყვეტი ელექტროენერგიით მომარაგებას სპეციალური დიზელგენერატორი უზრუნველყოფს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 აპრილს შევიდა.