წმინდა გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

წმინდა გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, -„საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“, რომელიც სამ დღეს მიმდინარეობდა, დასრულდა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა, იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და გრიგოლ ფერაძის შესახებ ისაუბრა.
„ჩემთვის გრიგოლ ფერაძე მხოლოდ მითიური სახე არ არის, ეს იმ ისტორიის ნაწილია, რომელშიც აღვიზარდე. გრიგოლ ფერაძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი კვალი ქართულ ემიგრაციასა და ქართულ ეკლესიაში ძალიან ძლიერია. მან ემიგრაციაში ის როლი შეასრულა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში მუდმივად ასრულებდა ქართული ეკლესია – გამაერთიანებლის, რწმენის გაძლიერებისა და ქართული იდენტობის შენარჩუნების“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ვარშავისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორები…
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან. წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი მოხსენება.
კონფერენციაზე, ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემიით დაჯილდოვდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამილა მგალობლიშვილი, გარდაცვალების შემდეგ.
მესამე დღეს, 13 სექტემბერს, წმინდანის დაბადების დღეს, ღონისძიებები ბაკურციხეში გაგრძელდა. ბაკურციხის წმინდა გიორგის ეკლესიაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მსოფლიო საპატრიარქოსა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი ღვთისმსახურება ჩატარდა. საგარეო სამინისტროს მიერ კონფერენციაზე მოწვეულმა პარიზის ქართველ ემიგრანტთა ანსამბლმა „ქართულმა ჰარმონიამ“ ქართული საეკლესიო საგალობლები შეასრულა.
სპეციალურად ამ კონფერენციისათვის ანსამბლის ხელმძღვანელის ნანა ფერაძის მიერ შეიქმნა საგალობელი წმიდა გრიგოლის ტროპარისთვის, რომელიც პირველად წარმოადგინეს გახსნაზე თბილისის უნივერსიტეტში და ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესიაში. „ანსამბლმა დაუტოვა ნოტები ბაკურციხის ეკლესიის გუნდს! მართლაც რომ დიდებული საჩუქარია ყველა ჩვენგანისთვის. შეეწიოს მათ წმიდა გრიგოლის მადლი!“ – ამბობს წმინდა გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელი, ბატონი ილია ფერაძე.
შემდგომ სტუმრები და მონაწილეები გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ისაუბრეს წმინდა არქიმანდრიტის მოღვაწეობაზე.
კონფერენციისთვის თანხა გამოყო რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. კონფერენციას თანხა შემოსწირა აგრეთვე: მეღვინეობის კომპანიამ „Peradze Winery“, ასევე – კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ და „ბლექ სი გრუპმა“.

 

ფოტო: ნანა ფერაძის

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები