სილვია შტიობერი: უნდა შედიოდეს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
უნდა შედიოდეს თუ არა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში, მაპატიეთ, მაგრამ ეს ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტია, თუ როგორი იქნება საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ორი რეგიონის მიმართ, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, სილვია შტიობერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა ნატო-ს გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით რა უნდა მოხდეს, გერმანულ მოსახლეობაში არა მხოლოდ სკეპტიციზმი, არამედ შიში არსებობს, მაგრამ პოლიტიკოსებმა მოსახლეობას უნდა აუხსნან, რომ გერმანიის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ვალია, ნატო-ს მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერის კუთხით.
„რა იქნება, საქართველომ რომ თქვას – კი ბატონო, ამაზე უარს ვიტყვით, იქიდან გამომდინარე, მიგვიღებენ თუ არა ნატო-ში, ამ კუთხით ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დავსვამდი. რა თქმა უნდა, საქართველო არის ძალიან წინ წასული; ის ძალიან აქტიურია ავღანეთში მონაწილეობის მხრივ. ამის მიუხედავად, საქართველო ჯერჯერობით, არ არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო. ამიტომ, მინდა, საქართველომ დაიწყოს ეს დისკუსია, რაც თავად საქართველოსთვის აუცილებელი და გადამწყვეტია“, – განაცხადა სილვია შტიობერმა.