ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის…

„არხოტში, სოფელ ამღაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი… თუ მართლა მთას დაუბრუნდა ქართველი, მე თურქეთიდან დავბრუნდები და სკოლაში სულ უფასოდ ვიმუშავებ“…

ბავშვობა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში გაატარა. მწერლობისა და ლიტერატურის სიყვარული ოჯახიდან დაიწყო… უყვარდა პაპის, ბეწინა წიკლაურის მოსმენა, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა…
შემდეგ იყო სტუდენტობა… ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა.
მაგრამ ისე წავიდა ცხოვრება, რომ თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში, პატარა ქალაქ კარამურსელში მოხვდა, რომლის ძირითადი მოსახლეობა ლაზები და გურჯები არიან. აქ  გახსნა  ქართული ენის პირველი უფასო კურსები. დღემდე თურქეთის ქართველობას  ასწავლის ქართულ ენას და ერთადერთი ქართულის მასწავლებელია რეგიონში.
პარალელურად, ქოჯაელის სახალხო განათლების რუსული
და თურქული ენის პედაგოგია.
ამბობს, რომ თურქეთში ერთი დიდი საქართველოა, საჭიროა მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ქართული ენით, კარგი იქნება, თუ  სათანადო სახელმძღვანელოები  გაიგზავნება. – პედაგოგ მაია წიკლაური-სარიჩამის პერსონა.

 – მთელი ბავშვობა დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში გავატარე, ძალიან ახალგაზრდა მშობლების ბავშვი ვიყავი, ამიტომ ბებიებმა და პაპებმა გამზარდეს, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ადამიანებმა. მთელი უბანი კი არა, მთელი სოფელი მიცნობდა და მანებივრებდა. მახსოვს, სადაც უნდა ვყოფილიყავით, სკამზე შემახტუნებდნენ და ლექსებს მათქმევინებდნენ. ძალიან ცალქი და ჯიუტი ვიყავი, ამიტომ მშობლებს უჭირდათ ჩემთან ურთიერთობა.
ხშირად ბებიებთან ვიყავი, უზომოდ მიყვარდა ცხოველები, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დიდი ეზო გვქონდა, ცხოველების ყოლის უფლებას არ მაძლევდნენ, სამაგიეროდ, ბებიებთან წიწილები, ინდაურები, იხვები, ძროხები, კატა, ძაღლი, კუ, ზღარბი, რა გინდოდათ, რომ არ მყოლოდა.
სწავლით კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი ვიყავი, ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, კონცერტებით, ლექსებით და ჯილდოებით სავსე. მამას უყვარდა პოეტების, მწერლების, მსახიობების სახლში მოყვანა, ჩვენთან ხშირად იშლებოდა სუფრა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდნენ სტუმრები. მთელი ბავშვობა ვუსმენდი მათ საუბრებს და დიდებულ სადღეგრძელოებს, ლექსებით, სიმღერებით და ცეკვა-თამაშით დამშვენებულს, –  ლელა თათარაიძე, მზია ხეთაგური, ვანო ჩხიკვაძე, თედო ბექიშვილი და მრავალი კარგი ადამიანი.
– პაპა იყო მელექსე ბეწინა წიკლაური, „ვეფხისტყაოსანიც“ ზეპირად იცოდა…
ჩემმა პაპამ, ბეწინა წიკლაურმა, ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი“.
ბეწინა ხირჩლას ძე წიკლაურმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მიუძღვნა იმის აღწერას, რაც არხოტიონთა მეხსიერებამ შემოინახა და რაც ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადმოეცემოდა, უნიჭიერესი ადამიანი იყო, მიყვარდა მისი მოსმენა და მისი წყნარი, რბილი ხმა.
– წერა ბავშვობიდან გიყვარდა…
– ბევრს ვწერდი, თავისუფალი თემებით დავამთავრე სკოლა და ჩავირიცხე ჯავახიშვილში, ოღონდ სერიოზულად არასოდეს არ მიფიქრია ამ ხაზით ცხოვრება, მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, რომ ჩემმა მოთხრობამ ,,მოგზაურობა კავკასიაში“ რომელიღაც კონკურსში გაიმარჯვა, ალბათ ერთი ათჯერ მაინც გადამაწერინა 18- ფურცლიანი მოთხრობა ეგული მასწავლებელმა, და ბოლოს, ისე მეტკინა ხელი, რომ სულ ცრემლების ყლაპვით ჩავამთავრე ბოლო ეგზემპლარი და ბებიას კალთაში ვიტირე ხმამაღალი სლუკუნით, არასოდეს აღარაფერს დავწერ- მეთქი.
– მაია, ამჟამად თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში  ცხოვრობ. მეუღლე ლაზი გყავს…  როგორ დაიწყე ცხოვრება უცხო ქვეყანაში?
– ბოლო კურსზე ვიყავი, რომ თბილისის გაზეთებში პირველ თურქ საქმოსნებზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო, მეგობარ გოგონებს ხელში ეჭირათ გაზეთი, იცინოდნენ, დამაინტერესა და ვკითხე, რას კითხულობთ ამისთანას-მეთქი, გაზეთი გამომიწოდეს სიტყვებით, ნახე რა, ცისფერთვალება თურქი. მაშინ რატომღაც თურქები სულ შავგვრემნები გვეგონა, მეც გავიხუმრე, ცისფერთვალება თურქი თუ ვნახე, ცოლად გავყვები-მეთქი. რა ვიცოდი, რომ 5 წლის მერე ცისფერთვალება თურქი ლაზი ხელს მთხოვდა.
მთელი 6 თვე ვერ გადავწყვიტე, დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, სულ ტიროდა, სად უნდა გადაიკარგოო, მარო ბებიამ გადამაწყვეტინა, ახლაც მახსოვს მისი სიტყვები, წადი, შვილო, ქართველი ყოფილა, განა ქართველი მარტო საქართველოშია ქართველი, ქართველი ყველგან ქართველია, მე შენ ყოველ დღე წერილს მოგწერო და მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა.
წლების მანძილზე ულამაზეს უთბილეს წერილებს მწერდა, ასე აღმოვჩნდი თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში, პატარა ქალაქ კარამურსელში, რომლის ძირითადი მოსახლეობა ლაზები და გურჯები არიან.
პირველად ჩემმა დედამთილმა რომ დამინახა, ჩემს ქმარს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა მეგრულად, მე მხოლოდ „ქორთუ“ გავიგე, თურმე ქართველებს ლაზები ქორთუს ეძახიან, მე კიდევ ვეუბნები, ანნე, ქურთი არა ვარ, ქართველი ვარ-მეთქი.
მრავალი კურიოზი გადამხდა, ყველაფერი მაინტერესებდა, რომ იტყვიან, ყველგან ცხვირს ვყოფდი, მოკლე ხანში ვისწავლე თურქული და მოწყენილობას რომ არ მოვეკალი, მეზობლის ბავშვებს მათემატიკაში ვამეცადინებდი.
ჩემი ქმარი დილიდან საღამომდე მუშაობდა, ვთხოვე, სადმე კურსებზე ჩამწერე- მეთქი, ასე დავამთავრე ხატვის, ჭრა-კერვის, ქსოვის, სამზარეულოს, და რა ვიცი, თუ რამე კურსები არსებობდა, 2 წლის მერე უკვე თურქი ქალებისგან ვერ გამომარჩევდით, 1997-ში მივიღე მოქალაქეობა და ადგილობრივ კოლეჯში დავიწყე მუშაობა ქიმიის მასწავლებლად.
დღესაც დიდი სიყვარულით მეხვევიან მაშინდელი მოსწავლეები ქუჩაში, აქ უდიდეს პატივს სცემენ მასწავლებელს.
–  იზმითის დიდმა მიწისძვრამ ყველაფერი თავდაყირა დაყენა… გაიხსენე ის დღეები…
– 1999 წლის 17 აგვისტოს საშინელი მიწისძვრა მოხდა, თითქმის 50 ათასი ადამიანი შეიწირა, ზუსტი ციფრები დღესაც არ ვიცით, ზოგი უსახლკაროდ, ზოგი უდედმამოდ, ზოგი ინვალიდი დარჩა, არ ვიცი, რა ძალა მიცავს, ახლაც მიკვირს, როგორ გადავრჩი, მიწისძვრა ღამის 3 საათზე იყო და უკუნეთი ჩამოწვა, ხელის ცეცებით გამოვედით გარეთ, მხოლოდ მოთქმა-ტირილი და გმინვა მესმოდა, ძალიან ბევრი ახლობელი დავკარგეთ, სულ რაღაც 42 წამში, ასეთი სულიერი ტკივილი არასოდეს მიგრძვნია.
მთელი წელი გრძელდებოდა მომყოლი მიწისძვრები, მთელი ზამთარი კარვებში გავატარეთ, გაკვეთილებიც კარვებში ტარდებოდა, აქ ძალიან ცივი და ნესტიანი ზამთარი იცის, გაყინული ხელებით და ფეხებით ვატარებდი გაკვეთილებს, ჩემს მეუღლეს სოფელში სახლი აქვს, შევიფარეთ ოთხი ოჯახი ბავშვებით. მე კი მიჩვეული ვიყავი უშუქობას, უწყლობას, სიცივეს, შიმშილს, მაგრამ ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ, ფაქტობრივად ნანგრევებში იყო ხალხი ჩამარხული და ვერ გამოჰყავდათ, დღესაც მესმის მათი ხვეწნა, ტირილი, გვიშველეთო, მტერს არ ვუსურვებ, რაც ამ ხალხმა გადაიტანა.
ამ მიწისძვრამ ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა, უამრავი ბავშვი უდედმამოდ დარჩა, საბავშვო სახლები გადატენილი იყო, ვეხმარებოდი, რითაც კი შემეძლო. ბოლოს ერთი პატარა გოგო ისე მიმეჩვია, რომ ერთხელ კაბა ჩამომქაჩა და მითხრა, ვიცი, რომ ჩემი დედა ხარო, ერთი სიტყვით, ასე გავხდი დედა, ახლა უკვე 20 წლისაა, დაამთავრა სამედიცინო კოლეჯი, გათხოვდა, მალე თვითონ გახდება დედა.
მიწისძვრის მერე აქტიურად დავიწყე ღმერთის ძებნა, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ორ რელიგიაში მოვემწყვდიე, არ ვასრულებდი არც ერთი რელიგიის წესებს, არ ვლოცულობდი, ერთადერთი, რაც კარგად მახსოვს, ეს იყო ჩემი მარიამ ბებიას ლოცვები, სანთლების ჩამოქნა, ანთება, ძალიან ძველი ხატებით მორთული კუთხე და მარხვა, გაგანია კომუნისტების დროს, 12 წლიდან იცავდა მარხვას და ერთი დღე არ გაუცდენია, მიუხედავად შვილების, სიძის მამაჩემის კატეგორიული წინააღმდეგობისა, დავყავდი სერაფიმას დანგრეული ეკლესიაში, ელიას სალოცავზე, ტიბაანში, ბოდბეში, მეც სიამოვნებით მივყვებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ბებია და მისი ხმა ლოცვის დროს.

მეუღლე რეჯეფ სარიჩამი და შვილი – მელიკე

ისეთ პერიოდში დავტოვე საქართველო, ჯერ კიდევ რელიგია არ იყო წინ წამოსული, თურქეთში, ძლიერ რელიგიურ სისტემაში მოვხვდი, მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ გამომიჩენია, ერთადერთი ჩემმა მოხუცმა, 90 წლის მამამთილმა სახელი შემიცვალა, მერიემი გავხდი, ანუ მარიამი, და თავზე მოხვევა მთხოვა. არც ეს იყო პრობლემა ჩემთვის, ჩემი ბებიებიც სულ თავზე იხვევდნენ, რა თქმა უნდა, რელიგიური მოსაზრებები არ მაინტერესებდა.
იმ წელს დედაჩემი ჩემთან იყო სტუმრად, 15 აგვისტოს საქართველოში გავაცილე, 1 თვის მანძილზე მთელი ჩემი ნათესავებისა და მეგობრების ოჯახები მოვატარე, უამრავი სურათი გადავიღეთ, სამწუხაროდ, იმ ოჯახების 90 პროცენტი 17 აგვისტოს მთლიანად დაიღუპა, იმიტომ რომ ღამე იყო და ყველას ეძინა, მე გადავრჩი, რატომ?
პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო ტელევიზია, ზუსტად 20 წელია, არ ვუყურებ და არ ვრთავ.
მთელი ჩემი ცხოვრება იოგას ვვარჯიშობ, დავიწყე დეტალური შესწავლა ყველა ძველი ფილოსოფიური აზროვნების და მოაზროვნე ადამიანის შესახებ, სტამბულში აღმოვაჩინე მშვენიერი ადგილები უძველესი წიგნებით და ისეთი ადამიანები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში, რომლებსაც ადრე მაინც და მაინც არ ვაქცევდი ყურადღებას, ესენი არიან ოშო, განდი, დალაი ლამა, მევლანა, იბნსინა, მუჰამედი, იესო და კიდევ უამრავი საოცარი ადამიანი, და, რა თქმა უნდა, ჩემი ბებია მარიამი, თავისი ულამაზესი წერილებით…
ახლა ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგებია და მე ვიცი. სად არის ღმერთი, ვიცი. ვინა ვარ და რატომ ვარ ცოცხალი. ასე რომ, მიწისძვრამ ჩემს სულშიც მიწისძვრა მოახდინა.
3 გოგო გავზარდე, უდედმამო, ორი უკვე გათხოვდა, ერთი უმაღლესში სწავლობს, გადავარჩინე სიკვდილს უამრავი კატა და ძაღლი…
–  იზმითში  პირველი ქართული ენის უფასო კურსები გახსენი…
– პირველი ქართველი მოსწავლეები 1997 წელს იყვნენ ჩემს ქალაქ კარამურსელში ძმები ოსმან შაბან და ფარუკ დემირები, არაჩვეულებრივი სამი ქართველი, ართვინის ქართული სოფლიდან ჩამოსულები. ახსოვთ ძველი გვარიც – მჭედლიძე.
აქვთ პატარა საკონდიტრო კაფე და სიამოვნებით მივდივარ ჩაის დასალევად, სასაუბროდ, მშვენივრად იციან ქართული, როცა ვუთხარი, რომ გვაქვს ჩემი დამწერლობა, ძალიან გაუკვირდათ, მაშინვე გამოხატეს სწავლის სურვილი, მეც მეორე დღესვე ამოვიჩარე იღლიაში „დედაენა“, რომელიც „ვეფხისტყაოსანთან“ და ნოდარ დუმბაძის წიგნებთან ერთად საქართველოდან წამოვიღე და კაფეში დავიწყე მასწავლებლობა. ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ, მიწისძვრამ რამდენიმე წლით შეწყვიტა ჩემი მოღვაწეობა, მთლიანად ჩავები საქველმოქმედო საქმიანობაში, ობოლი ბავშვები, ავადმყოფი მშიერი ცხოველები, მოხუცები, სკოლა, გავხსენი უფასო იოგა.
2 დღე სტამბულში დავდიოდი, პირველი იოგის გაკვეთილები იქ ჩავატარე, არაჩვეულებრივი ადამიანები მოდიოდნენ, ეტყობა, მე ვიზიდავ ისეთ ხალხს, როგორ ხალხშიც ვიზრდებოდი, 8 წელი სტამბულში, პარალელურად კარამურსელში 15 წელი იოგას ვასწავლიდი, გამომაკრეს გაზეთებში, მომცეს რაღაც სიგელები, მართალია მას მერე, რაც ოშო გავიცანი, სულ არ მაინტერესებს ეს პროცედურები, მაგრამ ადამიანებს მოსწონთ სიგელები.
მადლობის სიგელებს ყოველ წელს მაძლევენ, მე ყველაზე მეტად ჩემი ქართველების მიერ გადმოცემული სიგელი მიყვარს.
2004 წელში შევიტანე განცხადება ქოჯაელის უცხო ენების ენების ინსტიტუტში რუსული და ქართული ენის მასწავლებლად, უკვე აღებული მქონდა სერტიფიკატები, ჩემი დიპლომის, ქართულად არ ვიცი, რას ეძახით, თურქული ვარიანტი, ქიმიის მასწავლებლის, მერე გავიარე სახელმწიფო გამოცდები რუსულ და ქართულ ენასთან დაკავშირებით, საჭირო იყო 100-ბალიან სისტემაში ამეღო 80-ზე მაღალი ქულა, იმისათვის, რომ უნივერსიტეტში გაკვეთილები ჩამეტარებინა, რუსულში 86, ქართულშიც 86 ქულა ავიღე, ჩემთვის კი ეს იმას ნიშნავდა, რომ მე უკვე კარგად ვიცოდი თურქული. დავიწყე 3 ინსტიტუტში მუშაობა და, პარალელურად, მუნიციპალიტეტის ხალხისთვის გახსნილ კურსებზე რუსულის სწავლება, კვირაში 7 დღე, 14 საათი.
ისე დავრბოდი, როგორც ქარაშოტი.
მადლობა ჩემს მეუღლეს, სულ გვერდში მედგა.
სანამ ჩემი შვილი მელიკე-თამარი სკოლაში მივიდოდა, სულ თან დამყავდა, წყნარად იჯდა და მისმენდა, მერე სკოლაში მივიყვანეთ და მარტო შაბათ-კვირას დავდიოდით ერთად, ჩემი ლამაზი კუდი, – ასე ვეფერებოდი.
ყოველ წელს შემქონდა განცხადება მუნიციპალიტეტში, ძალიან მინდოდა ოფიციალური სტატუსით ქართული ენის კლასის გახსნა, მაგრამ იმ პერიოდში თურქეთს დიდი პრობლემები ჰქონდა ქურთულ ეთნიკურ მოსახლეობასთან დაკავშირებით და ქართველებს თუ მისცემდნენ თავიანთ ენაზე სწავლა-განათლების უფლებას სახელმწიფო სისტემაში, ეს გამოიწვევდა პრობლემებს, მე ასე მიხსნიდნენ.
ამიტომ კარამურსელში, მუნიციპალიტეტის შენობაში მოგვცეს ერთი დიდი ოთახი და კვირაში ორი დღე, სამ-სამი საათით 2011 წელს დავიწყეთ მეცადინეობა ქართულად.
ჩემი მოსწავლეები იყვნენ:  ზექი ართან ვარდიაშვილი- ჟურნალისტი, რეიჰან ქესქინი-მასწავლებელი, ომარ ქესქინი – მასწავლებელი, სეიჰან ართანი – სახელმწიფო ხაზინის მოხელე, ჰუსეინ ქარაჯანი – მშენებელი ინჟინერი, ოსმან დემირი მჭედლიძე-კონდიტერი.
ისევ გამოგვაკრეს გაზეთებში, ადგილობრივ ტელევიზიაში გადაგვიღეს, აზრზე არ ვარ, საიდან გაიგო საქართველოს დიასპორამ, გამოგვიგზავნეს უფასოდ უამრავი წიგნი. 2012 – 2013 წლებში უკვე იზმითში ქოჯაელის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად სერტიფიკატით გაგვიხსნა კლასი.
სამწუხაროდ, საქართველოდან გამოგზავნილი წიგნები ვერ გამოვიყენეთ. ეს წიგნები დაწერილია საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ქართველებისთვის და მათი შვილებისთვის, რომლებიც ალბათ ბოლო ხანებში არიან წასულები და, ასე თუ ისე, იციან ახალი ქართული.
ჩემი ქართველების წინაპრები 400-200 წლის წინ არიან თურქეთში ჩარჩენილები ან ჩამოსახლებულები, ამიტომ ჯერ მე მომიწია მათი დიალექტის შესწავლა, მართალია ყოველ სიტყვას ვწერდი დაფაზე და ახალი ქართულით ვასწორებდი, ბოლოს და ბოლოს, მაინც თავის ენაზე მომაქციეს, კარგად იციან, მაგალითად, როგორა ხარ, მაგრამ წლების მერეც კი ასე მკითხულობენ: კაი ხარა თუ?
ერთმა 90 წლის მოსწავლე ბებიამ, რომელიც შვილიშვილით იყო მოსული, ასე მითხრა, რა ენაზე ლაპარაკობ, შვილო, ეს გურჯული არ არისო.
დღემდე ვაგრძელებთ გაკვეთილებს ქალაქ გოლჯუკში, რომელის მოსახლეობის 95 პროცენტი ქართველია, პატარა საქართველოა თავისი ულამაზესი ქართველებით.
წელს ვნახოთ, მინდა, რომ უფრო ახალგაზრდები მოვიდნენ, სკოლებში, მეშვიდე- მერვე კლასებში უკვე შეიტანეს, როგორც შერჩევითი ენა, უნივერსიტეტებშიც გაიხსნა 4-წლიანი ქართული ენის ფაკულტეტი. ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ ასეთი წინსვლით, როგორც ბებიამ მითხრა, ქართველი ყველგან ქართველია.
– ქოჯაელის პროვინციის ქალაქ კარამურსელში ცხოვრობ  და  ერთადერთი ქართულის მასწავლებელი ხარ…
– ქოჯაელის პროვინციაში, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ასევე, დაახლოებითი გამოთვლით,  თურქეთში 5,5 მილიონი ქართველი, ანუ გურჯია. მე ქალაქ კარამურსელში ვცხოვრობ და ვმუშაობ მთელი პროვინციის მასშტაბით.
3 წელი ქალაქ იზმითში ქართულ ენას ვასწავლიდი, მეექვსე წელია ქალაქ გოლჯუკში ვასწავლი, პარალელურად კარამურსელში, დეირმენდერეში და გოლჯუკში რუსული და თურქული ენის პედაგოგიც ვარ.
350 მასწავლებელთან ერთად ვარ ამ რეგიონის სახელმწიფო სამსახურში და სადაც საჭიროა, იმ ქალაქში ვასწავლი.
ასე, რომ გადარბენაზე ვარ, ერთადერთი ქართულის მასწავლებელი რეგიონში…
ქართული ისწავლება, როგორც ოფიციალური არჩევითი ენა, ამისათვის სულ მცირე 10 ბავშვმა უნდა მოითხოვოს, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად. სკოლა და სახალხო განათლება ვალდებულია, გააგზავნოს იქ მასწავლებელი.
ქართულის მასწავლებელი არ არის საკმარისი რაოდენობით, უფრო აქტიურად ამ მხრივ საქარია და ართვინი მოქმედებს.  ქართულის მასწავლებელი იყოს აქაური მოქალაქე და აქ ჰქონდეს მიღებული ფილოლოგიური განათლება.
ქართული კულტურის ცენტრები კერძოა, მათ საქართველოდან მოჰყავთ მასწავლებელები, ქართული ენის, ცეკვის,  ფანდურის…
  ეტყობა, ენებს ადვილად ითვისებ? 
– რაც შეეხება ენების შესწავლას, არასოდეს გამომიჩენია დიდი სიბეჯითე, უბრალოდ ბევრს ვკითხულობ და ვკითხულობდი ყოველთვის, რუსულად, თურქულად, ქართულად, თუკი რამე მაინტერესებს, ენა არ მაბორკებს, ვკითხულობ და ვკითხულობ, მერე აუცილებლად ხმამაღლა ვუზიარებ ყველას წაკითხულს.
კვირაში 40 საათი გაკვეთილი მაქვს, 1 დღე დასვენება, გადარბენაზე ვარ, 3 ქალაქში ვმუშაობ, სახლში 10 საათზე შევდივარ, 5 საათზე ვდგები, რომ გასვლამდე ყველა საქმე მოვასწრო, ვვარჯიშობ, ვამზადებ ვალაგებ, ვეფერები ფისოებს და სახლიდან გავრბივარ.
– თურქეთში  ლეგენდები დადის შენზე
– ჩვენი სისტემის უფროსები ჩემზე ასე ამბობენ, მაია მასწავლებელი უიშვიათესი ეგზემპლარია, გაუფრთხილდითო…
– ახლა სწავლობ ყრუების ენას…  ეს ალბათ გატაცებაა?
– წელს ყრუ მუნჯების ენას ვსწავლობდი, მომავალ წელს არაბული მინდა დავიწყო, უამრავი სირიელი მოსწავლე მყავს, უზომოდ მიყვარს ჩემი საქმე და ეს მარტო ენის სწავლება არ არის. ეს არის გამუდმებული კონტაქტი საოცარ ადამიანებთან, რომლებიც ასე გვჭირდება.
– ჰობი…
– ბრიტანული, შოტლანდიური და თურქული ვანური ფისოები, სასწაული არსებები არიან, ჩემთან სახლში ბროლის ლარნაკებისა და ძვირფასი ანტიკვარული ნივთების ნაცვლად კატები სხედან.
მაქვს საკუთარი CATTERY, რომელსაც ჰქვია ლამაზები. ეს არის სისტემა WCF, რომელიც საერთაშორისო სტატუსით მოქმედებს, ვმუშაობ ლამაზი გენების გამოყვანაზე და უკვე მყავს დარეგისტრირებული კნუტები, რომლებიც ჩემს სახელს ატარებენ.
– შემუშავებული გაქვს მკურნალობისა და კვების პროგრამა, რომელიც ეხმარება მძიმე ავადმყოფებს…
– მიწისძვრის მერე დამატებით დავიწყე ხალხური მედიცინის შესწავლა, აქ ჩემი ქიმიკოსობაც დამეხმარა, მაქვს რამდენიმე ბალახის ნაყენი, ვაშლის და ბროწეულის ძმარზე დამზადებული, რომელიც მართლაც სასწაულებს ახდენს, ასუფთავებს და აძლიერებს ორგანიზმს. კვებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი, ბევრი სისტემა შევისწავლე, სამკურნალო ჰიპნოზის კურსები დავამთავრე, ოღონდ იოგას კვების პროგრამა უნიკალურია, ბოლო 3 წელია აბსოლუტურად ხილით, ნედლი ბოსტნეულით და თხილეულით ვიკვებები, არავითარი ცხოველური, ცომეული, ტკბილეული და ასე შემდეგ, თუ ამასთან ერთად გამოყენებ თვითჰიპნოზს და კვანტურ თეორიას, მაშინ ყველანაირი დაავადება თავისით ქრება…
– ოჯახი, მეუღლე…

შვილი – მელიკე-თამარი

– ჩემი მეუღლე, რეჯეფ სარიჩამი, მდიდარი სულის და ჩვილი გულის ადამიანი, მეტი არც არის საჭირო, მუშაობდა წყალქვეშა სამხედრო გემებზე, ამჟამად პენსიონერია, აქვე ახლოს მთებში მამაპაპის სოფელში სახლი და მიწები აქვს, ხშირად იქ ფუფუნებს, სიმინდი, კიტრი, პომიდორი კაკალი, თხილი, წაბლი, კატა და ძაღლი არ გვაკლია.
არც ჩემი მეუღლე მიირთმევს ხორცს, ამიტომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ერთი ეს არის, ქართული ვერ ვასწავლე, შენ ისწავლე ჩემი ენაო, ასე მომახსენა. ისე მესმის ლაზური, მაგრამ ლაპარაკით არ ვლაპარაკობ, ისედაც 3 ენა მაქვს თავში არეული… როცა აღელვებული ვარ, ისე გადავდივარ ქართულზე, ვერც კი ვიგებ, ასე წარმოიშვა ჩვენი საკუთარი ოჯახური ხუმრობა: მელიკე, დედაშენმა ისევ ფაბრიკული სისტემით დაიწყო მუშაობა, მოდი შვილო, გაასწორე.
– ქართული ჟურნალი გამოდის… მოქმედებს ქართული კულტურის ცენტრები…
– სტამბულში დიდი ხანია მოქმედებს ქართული კულტურის ცენტრები, გამოდის ჟურნალი „ჩვენებური“, სტამბულში ვიპოვე თურქულად ნათარგმნი ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“, ალბათ 30 წლის წინანდელი, ძალიან გამიხარდა, მაშინვე დავტაცე ხელი.
ასე, რომ ერთი დიდი საქართველო თურქეთშია, მეორე  – ფერეიდანში…
კარგი იქნება თუ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა დაინტერესდება ქართული ენით და საერთოდ საქართველოში სწავლით, არ ვიცი, ეს უკვე საქართველომ უნდა დააინტერესოს.
უკვე იმდენი მასალა დამიგროვდა, რომ აქაური ქართველებისთვის სახელმძღვანელოს, „დედაენას“ მე თვითონ ვადგენ.
აუცილებელია, ითარგმნოს ჩვენი საამაყო მწერლების და პოეტების წიგნები, როგორც თანამედროვე, ისე ძველები, ძალიან ცოტაა გამოცემული.
და ბოლოს, გეგმები
– 6 წელი მიკლია პენსიამდე, არხოტში, სოფელი ამღა თუ აღდგა, აი, იქ მინდა ცხოვრება… თურქეთში 3 ობოლ გოგოს გზა გავუკვალე, საქართველოში 3 ობოლ ბიჭს გზას გავუკვალავ და ანგარიში გასწორდება, თუ მართლა მთას დაუბრუნდა ქართველი, მეც მათ შორის ვიქნები, თუ სკოლა გაიხსნება, სულ უფასოდ ვიმუშავებ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები