რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ტრენინგი თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები” ჩატარდა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას თემაზე “გარემოსდაცვითი დემოკრატია – ადამიანის უფლებები და ვალდებულებები”.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში პირველი ტრენინგი ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა და მას, როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების საჯარო სექტორის, ისე მხარის არასამთავრობო სექტორისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მიმართა და მათ ორჰუსის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის როლზე ესაუბრა. ცენტრის დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მნიშვნელობას საზოგადოების ინფორმირებისა და გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის საქმეში.
აღნიშნული ტრენინგების ჩატარება მიზნად ისახავს ორჰუსის კონვენციით ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას. ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარეც საქართველო 2001 წელს გახდა, ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
​გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებულ ტრენინგებს 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი