ირაკლი კობახიძე: არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი – დღეს ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება, თუ ამის სურვილი აქვს
არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება, თუ ამის სურვილი აქვს.
„არავის უნდა გაუკვირდეს, რომ როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ბიზნესის გათავისუფლება და ჩვენ გვახსოვს, რა ვითარება იყო 2012 წლამდე. როდესაც ბიზნესი სრულიად თავისუფალია და თავისუფლად შეუძლია აწარმოოს თავისი საქმიანობა, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არსებობს მმართველი პარტიის დაფინანსების ინტერესი და სტაბილურობის შენარჩუნების. მით უმეტეს, როდესაც ასეთი პოლარიზებულია გარემო. მახსოვს, როდესაც ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი მოვლენა, 2012 წლამდე, მაშინ არა თუ პარტიების დაფინანსებაზე იყო საუბარი, ტელეკომპანია „მაესტროში“ რეკლამა არ მიჰქონდა არავის. ეს იყო ბიზნესის რეკეტის შედეგი. დღეს ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება, თუ ამის სურვილი აქვს. ეს არის სრული თავისუფლება, რაც არის უზრუნველყოფილი ბიზნესისთვის. თქვენ შეიძლება გჯეროდეთ, რომ გვარამიას აფინანსებდა მმართველი პარტია, თუმცა საზოგადოება ალბათ მიხვდება, რომ ეს არის სრული აბსურდი. გვარამიას რომ ფული არ აკლდა, ესეც იმის გამოხატულებაა, რომ კონკრეტული ბიზნესმენები თავს არ იკავებდნენ თუნდაც ასეთი რადიკალური პოლიტიკური ძალის დაფინანსებისგან“, – განაცხადა პრემიერმა.