მწერალთა სახლში ზაირა არსენიშვილის რომანის – „ვა, სოფელოს“ წარდგენა გაიმართება

13 სექტემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, ზაირა არსენიშვილის რომანის – „ვა, სოფელოს“ წარდგენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს წარადგენს ზურაბ არსენიშვილი, ხოლო მოდერატორი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე იქნება.
თამაზ ჭილაძემ მწერალსა და სცენარისტს ზაირა არსენიშვილს „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ უწოდა.
ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში, მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველების და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს…
მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ.
ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები