ემზარ კვიციანსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქციის – „სირცხვილია“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის – “სირცხვილია” მონაწილეებმა ემზარ კვიციანს “მონა” უწოდეს, რასაც დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა, მან აქციის მონაწილეებს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ ემზარ კვიციანი და აქტივისტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ. პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანა.