ხვიჩია: სამხედრო სამსახურისგან თავიანთი შვილების გასათავისუფლებლად ჩვენთვის დაურეკავთ დეპუტატებს, მღვდლებს, პოლიციის უფროსებს
„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩის“ რელიგიურმა ორგანიზაციამ, „ბიბლიური თავისუფლებამ“ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან 25 000 ადამიანი გაათავისუფლა, რომელთა შორის დეპუტატების და სასულიერო პირების შვილებიც არიან. ამის შესახებ ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ცდილობენ, გააუქმონ ამ ქვეყანაში ყველაზე თავისუფლებისმოყვარე ორგანიზაცია, რომელსაც 25 000 ადამიანი ჰყავს გათავისუფლებული, მათი შვილების ჩათვლით, სხვათა შორის. მინდა ვთქვა, ჩვენთვის დაურეკავთ დეპუტატებს თავიანთი შვილის გასათავისუფლებლად , მღვდლებს, პოლიციის უფროსებს, კომისარიატის თანამშრომლებს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გვყავს გათავისუფლებული, საჯარო სამსახურის თანამშრომლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ცხოვრება ენგრეოდათ, სამსახურს კარგავდნენ იმიტომ, რომ სახელმწიფო სისტემა იძულებით მიერეკებოდა ყარაულად“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბიბლიური თავისუფლების “ საქმიანობა სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას უქმნის საფრთხეს.
„ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მისთვის ამ საკითხის “დარეგულირება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი იქნება”.
ბიბლიური თავისუფლება” ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს.
თამუნა შეყილაძე