კობა კობალაძე: ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
პატარა გლდანის დასახლებაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც წყალმომარაგების ცენტრალური ქსელის შეცვალასა და მთლიანი ქუჩის კეთილმოწყობას მოიცავს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ გამგებელთან და საკრებულოს მაჟორიტართან ერთად მოინახულა.
„აღნიშნულ დასახლებაში ამ დრომდე გრუნტის გზა იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში 7 600 კვ.მ ფართობზე გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება. სამუშაოების დაწყებამდე კი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მსგავსი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“,-განაცხადა კობა კობალაძემ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L&L“ ასრულებს, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 379 107 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევის რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ ეტაპზე კი საგზაო სამუშაოები ჯანჯღავას შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში ხორციელდება.
