12 სექტემბერს, „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ ახალი ლაურეატი გამოვლინდება
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა“ 2017 წელს, ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავთან დაკავშირებით დააარსა ჯილდო – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“, რომელიც მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.
როგორც „კვირას“ „ილია ჭავჭავაძის“ საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა აცნობა, პრემიის დაწესების მიზანია: საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება; ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ/თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პრემიით, პირველ წელს დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ხოლო 2018 წელს – მწერალი და საზოგადო მოღვაწე როსტომ ჩხეიძე.
პრემიის პრეტენდენტის გამოსავლენად მუშაობს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა სფეროს მაღალი სანდოობის 9 წევრით არის დაკომპლექტებული: კონსტანტინე გამსახურდია /დიპლომატი, პოლიტიკოსი/, დეკანოზი გიორგი წეროძე /თეოლოგი, ფილოსოფოსი/, ლია სტურუა /პოეტი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი,მკვლევარი/, ბაღათერ არაბული /პოეტი, გამომცემელი/, ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი, კრიტიკოსი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, დრამატურგი/, ნინო ზაუტაშვილი /ჟურნალისტი, ტელეწამყვანი/, გიორგი სავანელი /რეჟისორი, საზოგადოებრივი აქტივისტი/. საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს წლის ლაურეატს.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ დაჯილდოების მესამე ცერემონია წელს, საჯაროდ, 12 სექტემბერს, 15 საათზე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შედგება, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში.
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.