„თოჯინების ისტორია“ – საგანმანათლებლო პროგრამა გაიმართება
7 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება საგანმანთლებლო პროგრამას – „თოჯინების ისტორიას“ უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის მონაწილეები მრავალფეროვანი ფოტო და აუდიომასალის გამოყენებით ნახავენ და მოისმენენ:
საინტერესო ფაქტებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;
სხვადასხვა ქვეყნების თოჯინების შექმნის ისტორიებს; ქართული ეთნოგრაფიული დედოფალების შექმნის ისტორიას;
გაეცნობიან მეთოჯინის პროფესიას;
პროგრამის ბოლოს თავად შექმნიან ქართულ ტრადიციულ დედოფალებს.
თოჯინებსა და სათამაშოებს ეგვიპტელები ხის ბრტყელი ნაჭრებისგან ამზადებდნენ, იაპონელები-ქაღალდისგან, გერმანელები-ფაიფურისგან, ხოლო ესკიმოსები-სელაპის ტყავისგან.
მკვლევრების აზრით, თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე სხვა სათამაშოებს. სავარაუდოდ, მათი ისტორია 4000 წელს ითვლის. სხვადასხვა ქვეყანაში თოჯინებს რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდნენ. საქართველოშიც თავდაპირველად თოჯინებს რიტუალური ფუნქცია ჰქონდათ. ადამიანთან მიმსგავსებით გაკეთებულ დედოფალებს მაგიური წეს-ჩვეულებების შესრულების დროს იყენებდნენ და შესთხოვდნენ გამრავლებას, შვილიანობას, წვიმის მოყვანას. ასეთი დედოფალების სახელები იყო: „ლაზარე“, „გონჯა“, „საწვიმარი გუგა“…
„პროგრამაში ჩაებმებიან გოგონებიც და ბიჭებიც, დიდებიც და პატარებიც და თავიანთ გაკეთებულ თოჯინებს სახელებსაც შეურჩევენ. ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციული თოჯინები. პროგრამაზე სხვადასხვა ქვეყნის თოჯინებთან ერთად ტრადიციულ ქართულ დედოფალებს შევქმნით, რომელთა ასაკიც საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა და ჩვენც თქვენთან ვაგრძელებთ მათ ახალ ცხოვრებას“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10.