გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის სავარაუდო თანამზრახველები დააკავეს
გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, წარმოშობით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქის, ვადიმ სოკოლოვის თანამზრახველები დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, სოკოლოვს თანამზრახველები ჰყავდა, რომლებიც მას მკვლელობის ორგანიზებაში და ადგილის დატოვებაში ეხმარებოდნენ. სხვადასხვა ვერსიით, ეს ადამიანები ხანგოშვილის ახლო ნაცნობები იყვნენ.
გერმანიაში ახმედ ზაკაევის წარმომადგენელმა რუბატი მიტსაევმა მკვლელობის მეორე დღესვე თქვა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხანგოშვილის მკვლელობაში სავარაუდოდ მისი მეგობრები მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით შევიდა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მონაცემთა ბაზაში ასეთი პიროვნება არ არის შეყვანილი. სავარაუდო მკვლელი, რომელიც ბერლინის წინასწარი პატიმრობის საკანშია მოთავსებული, ჩვენებას არ იძლევა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს.
თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.
Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ხანგოშვილი შესაძლოა მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“,-აღნიშნავს Der Spiegel.
DW-მ კი დაწერა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.
ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.