თბილისი ფოტოფესტივალს – Tbilisi Photo Festival 2019-ს უმასპინძლებს
12 – 21 სექტემბერს, თბილისი ფოტოფესტივალს – Tbilisi Photo Festival 2019-ს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი 12 სექტემბერს, 19:30 საათზე სასტუმრო „სტამბის“ ამფითეატრში გაიხსნება. 21 სექტემბერს, 21:30 საათზე, ღვინის ქარხანაში (ვ. პეტრიაშვილის №1) დაიხურება.
ფესტივალის მეათე გამოშვება გამოფენების და ფოტოჩვენებების სერიას და, 14 სექტემბერს, ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიებას – „ფოტოგრაფიის ღამეს“ აერთიანებს.
2019 წელს TBILISI PHOTO FESTIVAL-ის პროგრამაში 300-ზე მეტი თანამედროვე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები მთელი მსოფლიოდან.
თბილისის ფოტოფესტივალი ინარჩუნებს კავკასიის რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფიული ღონისძიების სტატუსს და მეათე გამოშვების ფარგლებშიც განაგრძობს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ფოტოსააგენტოებთან და არტისტებთან.
თბილისის ფოტო ფესტივალი პირველი ფოტოფესტივალია საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. იგი 2010 წელს შეიქმნა და მისი დამფუძნებლები არიან – ფრანგი ფოტოგრაფი, ამჟამად ფრანგული ყოველდღიური გაზეთის Liberation ფოტორედაქტორი ლიონელ შარიე და ქართველი კურატორი და ჟურნალისტი ნესტან ნიჟარაძე.
ფესტივალი პრესტიჟული არლის ფოტოფესტივალის Les Rencontres d’Arles მხარდაჭერით შეიქმნა და, ძალიან მალე, არა მხოლოდ რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფოტოგრაფლიული ღონისძიების, არამედ კავკასიის წამყვანი კულტურული მანიფესტაციის რეპუტაცია მოიპოვა.