სულხან მახათაძე: ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის

„ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის” მეშვეობით მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება შეიზღუდა, მანამდე კი თვეში დაახლოებით 3 ათასამდე მადნით დატვირთულ მძიმეწონიან მანქანას ქალაქის ქუჩებში გავლა უწევდა“, – ამის შესახებ ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ იმ ობიექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, სადაც მადანი საბოლოოდ დასაწყობდება და რომლის საშუალებითაც ჭიათურაში გარემოსდაცვითი პრობლემები აღმოიფხვრება.
მისი თქმით, მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის საავტომობილო გზით სარკინიგზო ხაზით ჩანაცვლება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას მაქსიმალურად გამოასწორებს.
„ჩვენ დავათვალიერეთ ის ობიექტები, რომლებიც გაფიცვებისა და მაისის მოვლენების შემდგომ, შეთანხმების საგანს წარმოადგენდა. ერთ-ერთი და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ცენტრალურ უბნებზე გადაადგილების საკითხის მოგვარება და სარკინიგზო ხაზზე გადასვლა იყო. ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის და მაქსიმალურად გამოასწორებს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მეშვეობით, ქალაქის ყველა გასასვლელში ავტოსამრეცხაო მოეწყო, ასევე სარკინიგზო მაგისტრალისთვის გაკეთდა მთლიანი პოლიგონი, სადაც მთლიანობაში თავს მოიყრის ყველა საწარმოს მხრიდან წამოსული კონცენტრატი. ამის შემდეგ უკვე, რკინიგზის მეშვეობით მადნის გადატანა ქალაქისთვის იქნება მართლაც მნიშვნელოვანი. კომპანია იძლევა იმის პირობას, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და საინიციატივო ჯგუფს შორის, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიდის საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ქალაქის ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე- მათი პირობებისა და საწარმოო პროცესის უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა და გვერდში დგომაც გვაქვს. ვფიქრობ, წლობით მოუგვარებელი პრობლემები, რომლებიც დღეს ერთიანობაშია თავმოყრილი ეტაპობრივად მოგვარდება და ამას იგრძნობენ როგორც კომპანიაში დასაქმებულები, ასევე ქალაქის მოსახლეობა. ეს წარმატებული პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა ჭიათურა ევროპული ტიპის განვითარებულ ქალაქების სიას შეემატოს“, – განაცხადა სულხან მახათაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე, მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა 1-ელი სექტემბრიდან შეიზღუდა.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პრობლემა, რომელიც ჭიათურაში წლების განმავლობაში არსებობდა და ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა, ადგილობრივებს აღარ შეაწუხებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები