ეკო-მეგობრული დღე სხვადასხვა აქტივობით თბილისში აღინიშნება

,,ახალგაზრდული ასოციაცია დრონი’’-ს მოხალისეები ეკო-მეგობრულ დღეს მასპინძლობენ. ღონისძიების ფარგლებში, დღეს კუს ტბაზე, ცისკარის პლატფორმის სივრცეში, დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურულ -საგანმანათლებლო აქტივობა.
პროგრამის პარტნიორია Erasmus+ ახალგაზრდებისთვის, ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში და ,,ცისკარის პლატფორმა’’.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიებაზე დაგეგმილია ვორკშოპები: მინის, ალუმინის ქილებისა და ქაღალდის გადამუშავების თემებზე, ასევე, ნივთების განახლების, ნარჩენების სეპარაციისა და სხვა ეკო საკითხებზე. Ეკო-მეგობრული დღის ფარგლებში გაიმართება “ცოცხალი ბიბლიოთეკაც”, სადაც წიგნები იქნებიან ის ადამიანები, ვისაც სურს, საკუთარი ისტორია გაუზიაროს მკითხველს და მათ კითხვებს უპასუხოს. ღონისძიებაზე შეხვდებით ისეთ წიგნებს, როგორიცაა: მწვანე აქტივისტი, წიგნი სწრაფ მოდაზე, წიგნი ნულოვან ნარჩენებზე და ვეგანი.

ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული ვორკშოპები სხვა აქტივობებთან პარალელურ რეჟიმში, 20:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ადგილობრივი და ხელით დამზადებული ნაწარმის, ეკო-მეგობრული პროდუქციის ბაზრობა. საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი – „რეალური ფასი“, რომელიც ეხება ტანსაცმლის წარმოებას, მის შემქმნელებს და ამ ინდუსტრიის გავლენას მსოფლიოზე.

ახალგაზრდების განცხადებით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებამ მეტი გაიგოს ეკოლოგიური მდგრადობის შესახებ . ,,როგორ უნდა ვიყოთ ეკო-მეგობრულები ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორ შეგვიძლია, ჩვენ, მოქალაქეებს, საკუთარი წვლილი შევიტანოთ პლანეტის გადარჩენაში და პატარ-პატარა ნაბიჯებით, ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს. ეკო-მეგობრული დღე არის კარგი საშუალება ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად’’-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები