“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ვთხოვეთ, ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მთავრობებს”
„ჩვენ ვთხოვეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ აცნობონ მათ მთავრობას ინფორმაცია, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რომ მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გაგრძელდეს პროვოკაციები, რაც ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია“,– ამის შესახებ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ერგნეთის შეხვედრის შესახებაც მიეწოდა ინფორმაცია.
„მოგეხსენებათ დღეს ერგნეთში იმართებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა (IPRM) და ამ შეხვედრის განვითარებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. „აიპიარემის“ შეხვედრები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის და ზოგადად, პროცესი დღეს ჩაიშალა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ბოლოს შეხვედრის დატოვების გამო, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ასევე გავაცანით ვითარება ადგილზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდებოდა საპოლიციო შესაბამისი საგუშაგოების გაძლიერება. ეს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, რაც ასევე დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.