“არც დასამშვიდებელი ვითარებაა და არც საპანიკო, ყოველთვის ასეა – საოკუპაციო ზონა დესტაბილიზაციის კერაა”

საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას ექსპერტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არც დასამშვიდებელი ვითარებაა და არც საპანიკო, ყოველთვის ასეა – საოკუპაციო ზონა დესტაბილიზაციის კერაა, მათ შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობაც ყოველწამიერია, მით უმეტეს, რომ დაშორიშორება არ არის და ზოგან მეტრები აშორებთ საოკუპაციო ჯარებს და ჩვენებს (გმირებს, ლომებს, მაგრებს, უბრალოდ პათეტიკას მოვერიდე), როგორც ახლა ხაშურის რაიონში და ნერვების ამბავია განახლება-არგანახლება წამგებიან ან მომგებიან მომენტში. ჰოდა, სწორედ ამიტომ არის სახელმწიფოსათვის დამაზიანებელი ისეთი ფილმების გაშვება”იმედზე” და საერთოდ მსგავსი რიტორიკა, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან ამის წახალისება/მხარდაჭერა. კარგი, იმ წუთას პოლიტიკურად მომგებიანი იყო, ისედაც არასაყვარელი მიშა კიდევ უფრო შეგვძულდა, მაგრამ საინტერესოა, ჩვენს პოსტს რომ დაარტყან და მთავრობას, ხალხთან ერთად პასუხის გაცემა მოუწიოს, რა უნდა ვთქვათ, ოკუპაციას ორი შემოქმედი ჰყავსთქო? სულ რომ არაფერი გაითვალისწინოს რუსეთმა და წამოვიდეს პირდაპირ, მაშინ? ვინღა იომებს მაშინ: ჯარისკაცებს ვეუბნებით, კონფლიქტები დარეგულირებული იყო, რუსეთს საქართველო იწვევდა, ერთი კაცის ხუშტურს აყევით და ამიტომ დაიკარგა ამდენი ადამიანი, ამიტომ მოხდა ამდენი უბედურებაო:(( ანუ ბრძანებას რომ მიიღებს, ჯარისკაცმა უნდა იფიქროს, ხუშტური ხომ არაა ახლანდელი მთავრობისო? ამიტომ ჯობს, ასეთი კაპიტულანტურ-მაამებლური ფილმების გადაღებას, დოჩანაშვილის კანუდოსი წაუკითხეთ მოსახლეობასაც და ჯარსაც, ჰაკაგურე არ დაგვჭირდება, ჩვენიც გვაქვს:) როგორ შეიძლება დეოკუპაცია პოლიტიკურ ბრძოლას, რეალურად კი, 30 წელი ზედაპირზე მყოფი ელიტის გამდიდრებას ეწირებოდეს”, -წერს ანდრო გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები