აშშ-ში მოზარდმა ოჯახის სამი წევრი მოკლა – დაკავების მომენტში მეთიუ ბერნარდი შიშველი იყო
ვირჯინიის შტატში სამართალდამცველებმა 18 წლის მეთიუ ბერნარდი დააკავეს, რომელიც დედის, დისა და დისშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
მან 62 წლის ჯოან ბერნარდი, 25 წლის ემილი ბერნარდ ბივენსი და 14 თვის კალენ ბივენსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
პოლიციას სროლის შესახებ უცნობმა პირმა შეატყობინა.
სამართალდამცველებმა დაღუპულთა ცხედრები მათივე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს, ამის შემდეგ ეჭვმიტანილის სამძებრო ოპერაცია დაიწყო.
ქალაქ დანვილის კოლეჯი უსაფრთხოების მიზნით დაიკეტა, რადგან სწორედ ამ კოლეჯში სწავლობდა ბერნარდი, გარდა ამისა, დაკეტეს საჯარო სკოლებიც.
მოგვიანებით კი ბერნარდი ახლოს მდებარე ტყიდან შიშველი გამოვარდა და სასულიერო პირს თავს დაესხა, რის შემდეგაც ისევ მიიმალა.
პოლიციამ მისი დაკავება შეძლო, როგორც პოლიციის უფროსმა განაცხადა, მათთვის უცნობია, რატომ იყო 18 წლის მოზარდი შიშველი.