ვახო ხუზმიაშვილი: იმის მაგივრად, რომ კოლეგებისგან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ

ტელეკომპანია ,,იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი სოციალურ ქსელში ,,მთავარი არხის” ,,იბერიას” შენობაში განთავსებას ეხმაურება.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ ,,იბერიას” თანამშრომლებს კოლეგებისგან სოლიდარობა მიეღოთ დღეს ისინი მათ სამუშაო ადგილებზე სხდებიან.

,,იმ ეზოდან, საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშირებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, ,,იბერია” დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მიკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქრუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალისტისთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემს კოლეგებს, რომლებიც ,,იბერიაში” ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?, – წერს ხუზმიაშვილი.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “მთავარი არხი” ამ ეტაპზე მაუწყებლობას ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები