ფაშინიანი: „მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე გაიმიჯნოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო დონეზე უნდა გაიმიჯნოს ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები.
ამის შესახებ ფაშინიანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
გამოსვლაში ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხის დარეგულირებას შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელობა იყო ის, რომ საერთაშორისო საზოგადოების „მეხსიერებაში უხეშად დამკვიდრდა“ მთიანი ყარაბაღის, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტების გაიგივება, რაც სომხური მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხების მიმართ განსხვავების დემონსტრირება. ჩვენ ვაცნობიერებთ მაგალითად იმას, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას დღესაც შეუძლიათ თავისუფლად ჩავიდნენ საქართველოს დედაქალაქ – თბილისში, ადგილობრივ ბაზრებზე გაიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საჭირო ნივთები შეიძინონ და უკან სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში დაბრუნდნენ. რუსეთის მოქალაქეებს კი ბაქოს აეროპორტიდან უკან მხოლოდ იმიტომ აბრუნებენ, რომ ისინი სომხურ გვარს ატარებენ. ზოგჯერ ასეთი მაგალითები ყარაბაღის საკითხის უკეთეს წარმოჩენას უწყობს ხელს, ვიდრე მრავალსაათიანი ლექცია“,- განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, „არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკას გამოეყო, ისევე როგორც არავის უკვირს აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლა“.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტი აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, არავის უნდა გაუკვირდეს, ასეთივე განცხადებები სომხეთიდანაც ისმოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები