Der Spiegel: ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთა იყო

ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით მოკლეს.
Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ხანგოშვილი შესაძლოა, მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. გამოცემა წერს, რომ ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“,-აღნიშნავს Der Spiegel.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს. თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
დაკავებული 49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები